კურდღელი
იქ ალბათ ბნელა
მაგრამ ვკრეფთ სათამაშოებს და არ გვაქვს შიში
და რომც გვქონდეს სულ მცირედ გვაქვს
შეგვპირდნენ აღარ იქნებაო საშიში მალე
ჩვენ ვკრეფთ თოჯინებს და დათვებს
და ყველა მანქანას დამტვრეულსაც კი
იმიტომ რომ ცოდოა ყველა
ჩვენ ვკრეფთ კუბებს რომლებიც გავაბნიეთ
საწოლის ქვეშაა ერთი მაგრამ იქ ბნელა
იქ ჯობია არ შეიხედო
კუბები სწორად რომ ააწყო
გამოვა სურათი ციყვუნია
ან ბურთი ან სასაცილო კლოუნი
მაგრამ დრო აღარააო გვითხრეს
ვკრეფთ ამიტომ როგორც ხერხდება
მხოლოდ ეს ყურმოგლეჯილი კურდღელი
არსად არ ჩანს მისით რა ხანია აღარ უთამაშიათ
ამბობენ მაინც არ არისო საჭირო
თქვენ იქ აღარ ითამაშებთო
მაგრამ საიდან იციან ჩქარაო თქვეს
და ჩვენც ვცდილობთ მაგრამ არ გვესმის
რატომ აღარა აქვთ დრო ჩვენთვის
რა უყვეს მთელი ჩვენი დრო
შიში ნუ გაქვთო ამბობენ მაგრამ ჩვენ ვიცით
რომ იქ სულ ბნელა
იქნება მაინც გვეშინია
მაგრამ არავის არ უნდა პირველი აბღავლდეს
მერე რაღა გაგვაჩერებს
აი ვხედავ ამ შეჩვენებულ კურდღელს
რანაირად ვერ შევამჩნიე
ნუ ამბობენ რომ ის საჭირო აღარაა
იქ სადაც მივდივართ
სადაც მივდივართ
რუსულიდან თარგმნა ნიკა ჯორჯანელმა
