თეატრალური  შთაბეჭდილება

 

მიმაჩნია, რომ ტრაგედიაში უმთავრესია აქტი მეექვსე –

როცა ისინი, ვინც წამებით აღესრულა,  გაცოცხლდებიან.

კოსტიუმების და პარიკების გასწორებას შეუდგებიან,

გულიდან დანას გამოიძრობენ,

კისერს თოკისგან გამოიხსნიან,

სახით სცენისკენ,    ცოცხლების გვერდით ჩამწკრივდებიან,

აპლოდისმენტებს შეისრუტავენ –

ჯერ ყველა ერთად, მერე ცალ-ცალკე. . .

თეთრი ხელი სასიკვდილო  ჭრილობას ლოშნის;

ამ დროს თვითმკვლელი რევერანსისთვის იწყებს მზადებას,

ვიღაც მოჭრილ თავს აქიცინებს. . .

სულ ცოტა ხანში აპლოდისმენტებს  უკვე წყვილები შეისუნთქავენ:

გვერდიგვერდ რისხვა და მოთმინება აღმოჩნდებიან,

მსხვერპლი კი ჯალათს გაუღიმებს;

მეამბოხე ურცხვად დადგება ტირანის გვერდით;

მარადისობა ოქროს ფერხაცმლით გაითელება;

მორალს ვუალით აუქშიებენ;

თან უკვე მტკიცე მზადყოფნაა,  ყველაფერი ხვალ ხელახლა გაითამაშონ. . .

ცოტა ხანში გარდაცვლილები გამოჩნდებიან –

მესამე ან მეოთხე აქტში,  ან სულაც დიდი ანტრაქტის  დროს დახოცილები;

უცნაურად აღდგებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები –

ამ დრომდე სადმე კულისებში გადამალულნი –

კოსტუმებიც კი არ გაუხდიათ,  სახიდან გრიმიც არ წაუშლიათ. . .

და ეს ამბები იმაზე მეტად აღმაფრთოვანებს,

ვიდრე პათოსი სულ ცოტა ხნის წინ  დასრულებული ტრაგედიის. . . .

განსაკუთრებით მიზიდავს სცენა, როცა ფარდა,  ფაქტობრივად, დაშვებულია,

ცალი ხელი ყვავილების გამოსართმევად მოიზლაზნება,

მეორე კი ძირს დაგდებულ ვერცხლის ხანჯალს ეპოტინება,

სწორედ ამ დროს კი   ხელი მესამე – უხილავი,

თავისი როლის შესასრულებლად ემზადება – ყელში მწვდება.

 

 

1 2 3 4 5