პოეტის  კოშმარული  სიზმარი

 

სიზმარს გიამბობთ:

ერთი შეხედვით, ყველაფერი ადგილზე იყო –

წყალი და ცეცხლი, ფეხქვეშ – მიწა, მაღლა – ჰაერი,

აღმართ-დაღმართი,  წრე, სამკუთხედი,

მარჯვენა თუ მარცხენა მხარე. . .

ამინდი იყო ასატანი,

პეიზაჟი – ულამაზესი,

ყველა არსება – მეტყველების უნარის მქონე,

( მათი ენა ჩვენსას არ ჰგავდა). . .

ყველა საგანს კონკრეტული სახელი ჰქონდა,

სიტყვებსა და საგნებს შორის არსებული  ღრმა უფსკრულიც სულ გამქრალიყო,

სადმე რაიმეს ჩამატება  ან სულ ოდნავი გადანაცვლება იკრძალებოდა,

დრო კი ყოველთვის გულისხმობდა კონკრეტულ საათს;

წარსული მომავლისკენ არასდროს იხედებოდა;

მოგონებების გასაცოცხლებლად სულ ერთი წამი გვეძლეოდა,

ფიქრებისთვისაც  ერთი  წამი  გვეკუთვნოდა –

თანაც  ისეთი, ათვლა რომ უკვე დაწყებულია.

სიტყვა ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც გვჭირდებოდა –

არც ერთით მეტი, ან ნაკლები,

რაც იმას ნიშნავს, რომ პოეზია არ არსებობდა;

გამქრალიყო რელიგია და ფილოსოფიაც –

მძაფრი ვნებების და მღელვარების გამომწვევი აღარაფერი სჭირდებოდათ;

ისეთიც აღარაფერი არსებობდა, წარმოსახვებში რომ ცოცხლდება,

ან მხოლოდ დახუჭული თვალით შეძლებ დანახვას.

მარტო იმის მოძებნას თუ მოახერხებდი, რაც ახლოს იყო;

შეკითხვებს მხოლოდ ისეთებს სვამდნენ, პასუხები რომ არსებობდა;

გაკვირვებულნი დარჩებოდნენ, გაკვირვება რომ შეძლებოდათ,

რომ სცოდნოდათ:

სადღაც არსებობს მიზეზები, გაკვირვების გამოწვევა რომ შეუძლიათ.

მოწყენილობა აღიქმებოდა, როგორც დიდი ამორალობა,

სწორედ ამიტომ  ვეღარასდროს გარისკავდა, მათ ლექსიკონში მოხვედრილიყო.

სამყარო მაშინაც აღქმადი ჩანდა, როცა წყვდიადში ეფლობოდა;

იქ ყველაფერი დაბალ ფასად იყიდებოდა –

ხალხი სალაროს ისე ტოვებდა, ხურდის აღებას არც ცდილობდა.

გრძნობებიდან გვქონდა მხოლოდ კმაყოფილება;

სიცოცხლეს ენის ბორკილები აუძლურებდა;

ყურში კი მხოლოდ გალაქტიკების ზუზუნი ჟღერდა…

მოდით, გამოვტყდეთ:

პოეტს ამაზე საზარელი ვეღარაფერი დაემართება,

მაგრამ ასევე არაფერია იმაზე კარგი,

ვიდრე აქედან გამოღწევა – გამოღვიძება.

 

 

1 2 3 4 5