პოეზია

 

პოეზია – ეს არის ის, რაც მხოლოდ ზოგიერთს უყვარს,

მხოლოდ ზოგიერთს – ყველას კი არა.

უმცირესობას -უმრავლესობას კი არა.

აქ არ ითვლება სკოლები, სადაც პოეზია დაძალებითია,

არც პოეტები –  ათასში მხოლოდ ორი თუ გამოერევა პოეზიისმოყვარე.

ზოგს კი ვინც ამბობს, რომ პოეზია უყვარს,

ზუსტად  ასევე უყვარს სუპი და მაკარონი,

კომპლიმენტები და ცისფერი, გაცრეცილი შარფი

და საკუთარ აზრზე მყარად დგომა.

უყვარს, როცა ძაღლი ლოკავს. . .

აი, რაც შეეხება პოეზიას…

თუმცა, რა არის პოეზია? –

ბევრმა ამ კითხვას არასწორად უპასუხა –

 მე კი რაც არ ვიცი, არ ვიცი

და ჩემს არცოდნას ისე ვეყრდნობი, როგორც მოაჯირს.

 

 

 

ჩვენი  წინაპრების  ხანმოკლე  ცხოვრება

 

ოცდაათს სულ რამდენიმემ თუ გადააბიჯა –

მაშინ სიბერე მხოლოდ ხეებისა და ქვების პრივილეგია იყო.

ბავშვობა, მგლის ლეკვების მსგავსად, ძალიან ხანმოკლე ჰქონდათ,

უნდა ეჩქარათ, ცხოვრება რომ არ გაქცეოდათ –

ყველაფერი მზის ჩასვლამდე ან პირველი თოვლის დადებამდე უნდა მოესწროთ. . .

და იყვნენ:

ცამეტი წლის შვილგაჩენილები,

ოთხი წლის ჩიტის ბუდესთან ქვებით ხელში ჩასაფრებულები,

ოცი წლის სწორუპოვარი მონადირეები. . .

წესიერად დაბადებასაც ვერ ასწრებდნენ და უკვე აღარ იყვნენ. . . .

უსასრულობა ფინალისკენ ელვის სისწრაფით მიიწევდა,

ჯადოქრები ავბედით წყევლას სარძევე კბილებით იღეჭებოდნენ,

შვილი მამის ცხვირწინ კაცდებოდა,

შვილიშვილი ბაბუის თვალწინ იბადებოდა. . .

წლებს არავინ ითვლიდა, სამაგიეროდ, ითვლიდნენ:

ბადეებს, ქოთნებს, ქოხებს, ნაჯახებს. . .

დრო მათთან, მსგავსად ვარსკვლავებისა, კეთილი იყო –

ცარიელ ხელებს ოდნავ ახებდა

და მაშინათვე გასწევდა ხოლმე – თითქოს, ინდობდა.

იმ მოელვარე მდინარის წრეზე დააბოტებდნენ,

სიბნელიდან რომ იღვრებოდა სიბნელეშივე შთასანთქმელად.

წამიც არ ჰქონდათ დასაკარგი

და კითხვებს მხოლოდ იმისთვის სვამდნენ,

მომავალში პასუხები რომ გასცემოდა:

მაშინ რაღაცის გადადება ან დროებით გადავადება

მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ვერ მოასწრეს, არ არსებობდა,

სიბრძნე ჭაღარას ვერ დაუცდიდა –

იმაზე ადრე უნდა ენახა, ვიდრე გარკვევით გამოჩნდებოდა. . .

ხმებიც იმაზე ადრე გაეგო, ვიდრე ყველასთვის გაისმებოდა. . .

რაც შეეხება სიკეთესა და ბოროტებას –

მათ შესახებ ძალიან ცოტა, ამავდროულად კი ყველაფერი კარგად იცოდნენ:

როცა ბოროტება ზეიმობს, სიკეთე დნება,

მაშინ კი, როცა სიკეთე იწყებს აღმოცენებას,

ბოროტება მიფარებულში გადაბარგდება. . .

გამარჯვებული არც ერთია და არც მეორე,

ვერც უკვალოდ გაქრებიან,

ამიტომ, როცა სიხარულია, შფოთიც თან ახლავს,

ხოლო თუკი სასოწარკვეთა დაისადგურებს,

უკან უსიტყვო იმედებიც აედევნება. . .

მერე რა, რომ ცხოვრება ასე ხანგრძლივია,

ის ყოველთვის ხანმოკლე აღმოჩნდება ხოლმე,

ზოგჯერ ზედმეტად ხანმოკლეც კი იმისთვის,

რომ შიგ კიდევ რაღაც ჩაამატო. . .

 

 

1 2 3 4 5