ცოტა რამ სტატისტიკის შესახებ
ასიდან სხვებზე უკეთ ყველაფერი იცის 92-მა,
დანარჩენი 8 ყოველ ნაბიჯს ასჯერ წონის;
დახმარებისთვის მუდამ მზად –
იმ შემთხვევაში, თუკი ეს დიდ დროს არ წაართმევს – არის 49.
კეთილი ყველა სიტუაციაში, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეუძლია,
არის 4, ან, იქნებ, 5.
შურის გარეშე აღფრთოვანდება – 18.
ვიღაცის ან რაღაცის შიშით ცხოვრობს – 77.
უნარი, იყოს ბედნიერი – შესწევს მხოლოდ 20-ს,
ან იქნებ სულ ცოტათი მეტს.
მარტო დარჩენილი, ან ბრბოში გარეული,
უწყინარია, ალბათ, ნახევარზე მეტი.
სასტიკი, თუკი ამას გარემოება მოითხოვს იმდენია,
ჯობია, მიახლოებითაც არ ვიცოდეთ.
წარსულზე ფიქრის დროს სიძლიერეს გაცილებით მეტი ინარჩუნებს,
ვიდრე მომავალზე ჩაფიქრებისას.
ცხოვრებისგან საგნების გარდა არაფერს იღებს დაახლოებით 40,
თუმცა გამიხარდებოდა, ამაში მაინც რომ ვცდებოდე.
შემკრთალი, ავადმყოფი, სიბნელეში ფარნის გარეშე,
ადრე თუ გვიან რჩება 83,
ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც თანაგრძნობას იწვევს 99,
მოკვდავი ასიდან ასია –
ეს ერთადერთია, რომელიც აღნიშნულ მოცემულობაში უცვლელი რჩება.
პოლუნურიდან თარგმნა სოფო წულაიამ
