ცოტა რამ სულის შესახებ

 

სული ხან გვაქვს, ხან – არა –

თავისი უწყვეტი თანამყოფობით არასდროს გვანებივრებს.

დღეები, ზოგჯერ წლებიც, მის გარეშე შეიძლება გავატაროთ.

ხანდახან გულწრფელ აღფრთოვანებებში

ან ბავშვურ შიშებში გაკრთება ხოლმე,

ხანაც მაშინ გაიელვებს,  სიბერე თავზე მოულოდნელად რომ ჩამოგვემხობა.

იშვიათად რჩება ჩვენს გვერდით ისეთი უსახური საქმიანობის შესრულებისას,

როგორიც ავეჯის გადაადგილება,

მძიმე ჩემოდნების თრევა  ან ქუჩებში მოუხერხებელი ფეხსაცმლით ხეტიალია,

მაშინ კი, როცა ანკეტას ვავსებთ,

ან კონსერვის ქილის გახსნას ვცდილობთ,

შვებულებაში გადის.

ჩვენი ათასი საუბრიდან მონაწილეობს მხოლოდ ერთში,

ზოგჯერ იმ ერთშიც არა,

რადგან ძირითადად დუმილს ანიჭებს უპირატესობას.

როცა ჩვენი სხეული ავადმყოფობს,

მორიგეობიდან ყველასთვის შეუმჩნევლად იპარება.

სულსწრაფია,  არ უყვარს,  ხალხში რომ ვითქვიფებით,

ზიზღს გვრის ჩვენი ბრწყინვალებისკენ მუდმივი ლტოლვა

და საქმეებში გაუთავებელი ქექვა. . .

სევდასა და სიხარულს განსხვავებულ გრძნობებად არ აღიქვამს –

სწორედ მათი მონაცვლეობა  აძლევს ძალას, ცოტა ხნით მაინც დაყოვნდეს ჩვენთან.

მისი იმედი შეიძლება  მხოლოდ მაშინ გვქონდეს,

როცა არაფერში აღარ ვართ დარწმუნებულნი,

თან კი ცნობისმოყვარეობა გვიტევს.

მატერიალური საგნებიდან  ყველაზე მეტად საათის ქანქარასა და სარკეს ჰგავს –

მაშინაც რომ გვირეკლავს, როცა შიგ არ ვიხედებით.

არასდროს დაიბარებს, როდის მოვა ან საით წავა,

თუმცა ჩვენგან მუდმივად სწორედ  ამ კითხვების დასმას მოელის . . .

როგორც ჩანს, მას – ჩვენ, ჩვენ კი ის,  ძალიან, ძალიან გვჭირდება.

 

1 2 3 4 5