შენი კაცი კი ტკივილის გაღმა გუბეებს სვამდა.

ნაწვიმარ ღამის დანატოვარ ალგორითმებში

იკარგებოდა  ჩემი ფრთხილი ნაბიჯის გამა

როცა შენს ბოლო ამოსუნთქვას ღამეს ვუთევდი.

 

ცხოვრების ხაზი არსად რომ  არ გადახრილიყო

და ამ მოსაწყენ, უმომავლო  პრელუდიაში

შენს ცოცხალ თავს რომ სხვისად მკვდრისთვის ვეღარ მიესწრო,

რას იფიქრებდი?!

 

ვერ გაიარა ეს გზები იმან, ვინც ვერ დაბრუნდა მდინარეში  და ტანს ისველებს

ვერ გაიარა ეს გზები იმან, ვინც სიძულვილი ვერ ისწავლა, დაიმარტოვეს

სინანულის გრძელმა მინდვრებმა, სინანულის გრძელმა დღეებმა დაიმარტოვეს

ვერ გაიარა ეს გზები იმან, ვინც ვერც მოკვდა და ვერც გაცოცხლდა. ვერც მიატოვეს

ვერც  იპოვეს და ვერც იგლოვეს. ან დაივიწყეს სამუდამოდ.

ვინც ცოცხალია და სამუდამოდ გადაივიწყეს.

 

გზის დასაწყისი ფეხაკრეფით რომ არ გაგევლო

და წვრილ კისერზე ათას მძივად აბრჭყვიალებულ

ყვავილის ღეროს არ მოეკლა შენი სურნელი, –

ხომ ვერ გიცნობდი?!

 

არ გეტკინოს, მსხვერპლო ჩემო.

თუ სიკვდილია, სიცოცხლეში უნდა დამთავრდე

და ფრთხილ ნაბიჯებს გადაასწრო, რომ სიყვარულში

წაასწრო ყველას, ვინც კი მომჭკნარ გულში მოგიკვდა.

 

არ იტირო, მსხვერპლო ჩემო.

ჩემი თითები სახმელეთო გემების გაწვრივ მიცურავენ.  ნელი  დინება

ყველა გზას ისე გადარეცხავს თითქოს არც იყო.

ან თითქოს იყო და იშლება. გადაივსება

ყველა ჭალა და ყველა ღელე.

ყველა სიკვდილი და სიცოცხლე გადაივსება

ყველა ფოთოლი შენი ტანის აკლდამად იქცა…

და შენი მკვლელი, მხრებზე შენი ნაწოლი მინდვრით

მიდის და ნაძვის წიწვებიდან წვიმა იწყება.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9