ახლა  ხორხიდან გაპარული უხმო ღრიალი

რომ შეაკავო, საბნის კუთხე პირში ჩაღეჭე

ფეხებს გაშლი და გულზე რომ მძიმე ლოდია

როდის დაგეცა აჩრდილებით სავსე ჭერიდან?

როდის წავიდა დედაშენი დასაძინებლად

როდის ალაგდა ნარჩენებით სავსე მაგიდა

რამსიმძიმე ტანი აქვს ამ კაცს, ბიძაშენის სახეს რომ მალავს

და სამომავლო დაპირებებს უხვად არიგებს.

 

მაგრამ  ღამეს  თუ გადაურჩი, საით წახვალ მაგ საღამურით

რომელ მეზობელს მიადგები სინამდვილის მოსანელებლად?!

ვის კარს შეაღებ, ვის სადილს შეჭამ, ვის ამბავს დალევ

ვის სიბრალულში შეყუდება დაგევალება?

ვის ეტყვი, რომ გვერდით ოთახში, დედაშენის უწყინარ ფშვინვას

უერთდებოდა კედლის აქეთ უხმო ღმუილი

და იდგა კაცი, შენი ტანის ნამცეცებს კრეფდა

ზედა ტუჩს კვნეტდი, ფეხებს შორის სირცხვილს მალავდი –

მაგიდაზე კი თეფშით სოკოს ნამცხვარი იდო

და სტუმრებისთვის ბევრი ღვინო მამას მარანში.

 

გახამებული ლოგინის სიქათქათეში,

ძილის სანაცვლოდ,  შხამმოდებულ  სოკოებს ჩარგავს

კაცი, რომელმაც ამ ღამისთვის გამოგიგონა.

 

ჭერში ჩრდილების მოძრაობას იმეორებენ ღამის პეპლები

და ბიძაშენის სახე ასე ახლობელი, ასე ხილული

მისი თითები – ასე მკვდარი, ასე მახინჯი

ახალგაზრდობას საკუთარ თავს რომ აჯერებენ

რომელ მღვიმეებს მიაგნებენ გადასარჩენად?

 

შენი სარეცხი ხვალ დილამდე ნეტავ გაშრება?

 

და შენი ტანი  ასე მყიფე, ასე პატარა

რომელ ასოზე შეჩერდება შენს ბავშვობასთან?!..

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9