V (მკვლელის სიმღერა)
არ იტირო, მსხვერპლო ჩემო.
მაგ ხეივნების ქვეშ არ ჩაკარგო ეგ კრისტალები
მთების შუქ-ჩრდილებს სველ ტბებში ნუ გამოურეცხავ
გუმბათების ფერს, ფერს ნაღმების, ფერს იმ რკალების, –
შენს ქუთუთოებს სიძულვილს რომ უფერმკრთალებენ.
არ ინანო, მსხვერპლო ჩემო.
ნადირი უფრო კეთილია, ვიდრე შორიდან
მოსჩანს და მანამ სიზმარივით გადახუნდება
ნათითურები მაგ თეთრ ყელზე, გამოიგლოვე –
უმომავლო შენი დინება
ზღვების გადასწვრივ, სახმელეთოს სულ რომ არ ჰგავდა:
ნადირი უფრო კეთილია, ვიდრე შორიდან
მოსჩანდა, როცა ტყეში თეთრი ნაძვი ყვაოდა.
გზის დასასრული ფეხაკრეფით რომ არ გაგევლო
და წვრილ კისერზე ათას მძივად აბრჭყვიალებულ
ყვავილის ღეროს არ მოეკლა შენი სურნელი, –
რას იფიქრებდი?!
არ მომიკვდე, მსხვერპლო ჩემო.
ზღვამოლოდინი მოკანკალე სუნთქვის სანაცვლოდ,
ამწვანებული მინდორივით მიწევს ბალიშზე.
და ბელტებს ვითვლი, თითქოს მეჩხერ ტყეში გაფანტულ,
წვიმის ღმერთების გზააბნეულ ნაბიჯს ვსანთლავდე.
საით წავიდნენ დავიწყების მდინარეეები
რომელ წყალსაცავს მიაბარეს გამოზამთრება
შენს თხელ კაბებში ქალაქები ილანდებოდნენ –
წონა სწორობა – ტოლობაა. წყალმცენარე ხარ. ზამბარასავით
შეირხევი და… დამთავრდება.
თავბრუსხვევაა? იქნებ თრობას უმარტივდები?!
ასე თავდაღმა როგორღა თვლემ ჭალის ჩიტივით?…
სავარაუდო ცხოვრებების გამოტოვებით
ირხევიან და ქვავდებიან მუქი ფარდები.
შეხედე სიკვდილს, მსხვერპლო ჩემო.
ჩემი თითები მაგ ფერადი გზების სანაცვლოდ
ბალახის ღეროს საყვირების ამბავს ყვირიან.
სილურჯეს როგორ ამოუვსებ სიცარიელეს?!
უაივნო დღეების გასწვრივ – რა გამჭვირვალე იყო დარდი მაგ სახლის კართან,
ხურჯინს ხმელეთით რომ ვავსებდი. ვერ გავიარე –
ვხედავდი ძახილს მაგ სხეულში ამოფუებულს,
მოზელილს შენი ხმაურის ფქვილით
იმ ღამით ორჯერ იწვიმა მერე, ფოთლებმა ქარი ითამაშეს და გაითვალეს.