° ° ° 

მე შენს ჩრდილს ვინახავ საგულდაგულოდ,
როგორც ზურგში მოხრისას

დაგრძელებული კაბის მონაჭერს,
როგორც უფუნქციო ბეჭდის თვალს,
როგორც სუნამოჩაკეცილ ხელსახოცს,
როგორც შენ ნათითურ კალამს,
რომელიც საკმარისია ფურცელზე მოხვდეს,

შერჩენილ თამბაქოს მსუბუქ სურნელზე მეტად,

შენ გავლენს.

მე შენს ჩრდილს ვინახავ,
როგორც ყოველგვარ წვრილმანს,
როდისმე სადმე გამოსადეგს –
შესაფარებლად,
შვილების გასაზრდელად,
სულის მოსათქმელად…

მერე ავდგები და

როცა ამ დუმილს ვეღარ მოვითმენ,
დამეტოლებიან ამსიმაღლე მოლოდინები.

უხმო, მაგრამ ცნობისმოყვარე,
ისევ შენი ჩრდილიდან ამოსული
მზერის ძაფები,
გამაოგნებენ ყელზე მიმოსვლით და

გადარჩენას შემასწავლიან,
იმ დროს, როდესაც შურისძიების შესაძლებლობამ

შეიძლება მსუბუქად სიკვდილიც კი გაითამაშოს…

მე მირჩევნია

წამწამებზე წვეთში მოთავსდეს ყოველი ფიქრი,
გაბრწყინების ფაზაში დარჩეს და

არეკლილმა პირველი ფოთლის თაყვანისცემამ

მიმახვედროს, ყოველი დღე,
სადაც უბრალოდ არ იყავი,
იყო შემოდგომა და

ჩრდილებიდან გამორკვევა აუტანელი.

 

 

* * *
ესაა შენი არყოფნა,
უხმო შეგრძნებებს
მტვრის ქვეშ რომ ვაპნევ და
მოსალოდნელ სიტყვებს ჭექა-ქუხილი მოაქვთ,
შენ ნუ მოხუჭავ თვალებს!

რომ მჭირდებოდი  ბინდის პირზე –
ფერფლი მებურა,
ღამეც რომ ერთად გადაგვეტანა –
სად იყო შენი არსებობა,
ან კანზე ეკლების ამოფრქვევები.

პირი ჩრდილისკენ რომ არ გებრუნა,
დამეხსნებოდა  გაუმართლებელი ბედ-იღბლის ქარი.

როგორ არ ვეყოფოდი სიცოცხლეს,
როცა დამხრჩვალიც,
ზღვიდან ჩემი ფეხით მოვდივარ…
ხედავ?
როგორ დამინდო,
წყალმაც როგორ ვერ გამომრიყა,
მაშინ,
როდესაც შენი სტიქიური შეგრძნებებით
მოსვლას ვლამობდი.

ესაა შენი არყოფნა – ჩემი ადამი –
მხოლოდ ჩრდილებით შენახული,
საგულდაგულოდ.

ერთად კი,
ჩვენი სიყვარულის
თითოეული მოუსვლელი შესაძლებლობა –
მოუსვლელი კენკრასავით
ჩამომარცვლული…

მოსალოდნელი წვიმის დროს მაინც,
ნუ გაამყარებ ასეთ არყოფნას,
გთხოვ, ნუ დახუჭავ თვალებს!

 

 

 

 

 

1 2 3 4 5