° ° ° 

სიტყვებმა სიმართლე უნდა მაჩვენონ,

იქნებ ამიტომაც,

თითოეულის მიღმა შენ ხარ, მოციქულივით…

სინამდვილეს ვინ ამიხსნის მანამდე,

შეხვეულმა ბუნდოვანებამ

ჯერ აუცილებლად ბროლი უნდა გამოიაროს,

მერე ამდენი მდნარი იმპრესია ვიზუალში,

სულიერ დონემდე…

და თუ მოძრაობა განწმენდასავით?!

ჩავდივარ და ყოველ ჩასვლაზე

ახალი საკუთარი თავი ამომაქვს,

მეტიც – ვენდობი,

როცა ნდობას ხარისხი კი არა,

ფერები აქვს, სიმკვეთრეზე დაგეშილი.

რომელი ერთი მოძღვრება გინდა,

სიყვარულიდან?

სიყვარულისთვის?…

მათ შორისაა ბუნებრივი დრო,

როცა ვერ გითმენ და

მერე, რამდენი მეტრ-წამი ქარის გავლით გარემოცული,

ფიჭვებზე აუტანელი სიზმრები ქრიან…

მთავარია იქამდე არ გაჩერდნენ,

ვიდრე არ მიხვდებიან,

საოცრებები კი არა,

შენ მომენატრე, ღმერთო!

 

 

° ° ° 

რა ემსახურება გამოფხიზლებას,

როცა ის სიზმრები ნაბიჯებით კი არა,

ძარღვებით მომდევენ,

ჰემატომებში სიუჟეტს ავითარებენ და

ძილს მაიძულებენ ორივე ხელზე ლურსმნებით…

ესეც ტკივილის მუდმივი მახსოვრობა,

რომ მეცხოვრა,

რომ ბავშვობის მდინარეში არ გამევლო

თუნდაც ყველაზე ლირიული სიზმარი –

სხეულების ერთმანეთზე განკურნება,

ან სიყვარულის თავშესაფარი…

მოგეხვეოდი ნაპირებმორღვეული

ყოველი დაბრუნებით,

ყოველი უკან გამოხედვის სევდით,

მაგრამ ლურსმნებს ძალა აქვთ დაბადებიდან და

ხელიგულებში ღრმად მესობიან გენეტიკის,

მხედრული ტრადიციის და გზაჯვარედინების წყალობით.

რა შემეძლო იმის მეტი,

რომ დავიჯერე მათი შესისხლხორცება,

მათი სიმსუბუქე…

იმისიც მჯერა,

რომ ისეთი უდროოა ეს ძილი,

როგორც მდინარის გაყინვა და

სიზმრების გატანების ნაცვლად,

ერთმანეთის თვალებში საუკუნოდ ვიმსხვრევით.

შენში გადარჩენილი საკუთარი თავი რომ მომიტანოს,

მითხარი, რა უნდა ემსახუროს გამოფხიზლებას,

ძილ-ბურანის პირველი უფსკრული?

 

 

1 2 3 4 5