° ° ° 

იმ სიცივისაა,

წამიდან რომ შლის მარადისობას,

თქვი და ჩრდილიც კი არ გაუქრება,

თუ ეს სივრცულ ესთეტიკას დასჭირდა.

წარსულის თავშლით პოეზიას რომ შეეფაროს,

ეპიზოდურად, ხედვის ლირიულ რეფორმებს,

სიტყვებს შორის დაყოვნებით ამოიოხრებს,

სწორედ ამიტომ,

რაც სხეულში წერია და

ვიდრე ყელიდან გაქრებოდეს,

იმ გადამწყვეტ ბგერებზე დადის და უთითებს ღმერთი,

ასე აჩვენებს, გზა რომ არსებობს….

სხვანაირად, აბა როგორ აიტანდა სიტყვების

პათოლოგიურ შეთქმულებას?!

ნებისყოფა მორჩილებამდე თუ წაუვიდა,

მეტი რაღა თავშეკავება…

სულის საყვავილე ისტერიკაზე,

ამდენ გაზაფხულში

შთაგონებას რომ მაშინვე ჰერბარიუმით გადაიხვევს

და მოსურნელო სიმშრალეს აკმარებს

დაბზარულ ლარნაკებს…

ნახე,

როგორ გამოიყურება

თითოეული მისი ვერსია,

თითოეულის ყოველი მცდელობა

ხომ მხოლოდ იქითაა მიმართული,

რომ წასული სიყვარული შეცდომაში არ ჩაეწეროს,

თორემ, ისე…

ცაც კი მოახერხებს ჩაღვრილი სიტყვის გაოცებას.

 

 

° ° ° 

გამითავისე როგორც შინაგანი ალქიმია,

ტკივილიდან სილამაზე რომ გამოჰყავს

შენთვის,

შენთან ერთად,

შენამდე…

ჩემით რომ დაიწყებ,

გახსნილი მზერიდან

ზღვა გამომიჩნდება

ნაცნობი სიმშვიდით,

მაგრამ ისეთი ცალმხრივი,

ნაპირებზე სტიქია მარტოდმარტო მოსიარულე…

ჭრელი ქვების ნუგეში

რომც წავიღო ყოველ ზურგშექცევაზე,

არც კანი იქნება სამზეო და

არც ქვიშა გაბედავს სიფხვიერეს,

თავთუხისფერი.

ვიცი, მარტივი არ გგონია

ამ სიმარტოვის მუჭში მოქცევა,

მომიახლოვდები და

ნისლის გამბედაობით

გაქრობის ნაცვლად,

მოცემულობა უხმოდ მომიცვამს,

სახელოების არშიებიდან დამცვივა სიტყვები

და იმ დღეების მეხსიერება,

როცა მარტომ სიკვდილიც კი ვერ მოვახერხე,

როცა საკუთარ თავს არ ავერიდე,

რადგან სხვაგან კი არა,

აქვე, გულის მონახაზებში

გადავყროდი ღმერთს,

რომ სიყვარულის აღტაცება

ახალი და უეცარი სიხარულივით

როგორმე ისევ გამოეგონა.

 

 

 

1 2 3 4 5