***

მის ფეხთა ქვეშ ტექნონიკური ფილა

ტაატით მიდის ჩრდილოეთისკენ.

მის თავზე, უკვე მილიარდი წელიწადია,

კლდეს ნაოჭები შეუყრია და ზევით-ზევით,

მოციალე ღრუბლებისკენ მიემართება.

ღრუბლები კი მიფრინავენ ჩვეული რიტმით

მიწისა და კლდეების თავზე, შორს იტოვებენ

მონადირეს, ცხვრის ფარაში რომ ჩამდგარა და

ხელში მიკროფონს აქანავებს, რომ ჩაიწეროს

 

ცხვრის სიმღერათა პოლიფონია

 

მათი ძოვის ხმა, მათი ცოხნა,

სხვადასხვა ფერის ნესტოებიდან დაძრული ორქთლი,

ერთმანეთს როგორ ედებიან მძიმე ბეწვებით…

მიკროფონის ხელოვნურ ბეწვს პირქარი არხევს

და კარგავს ხმებს და ამ ხმებზე მონადირესაც,

ხელი რომ მაღლა აუწევია, ცხვრების ქიცინა თავებისა

და ტექტონიკური ფილის ზემოთ, უხმაუროდ რომ მიირწევა.

 

 

 

 

 

***

ჩემს შეყვარებულს უკვე ენატრება

თავისი სახლის აივანი ბოლო სართულზე,

 

თვალში აკლია გუმბათების ნაირგვარობა

პაპიემაშეს სურნელებით, სადაც მერცხლები

 

ცოტა ხნის წინ წრეებს ხაზავდნენ

მისი კეფის სიმრგვალის სრული სიზუსტით.

 

კი მაგრამ რისთვის ეს ყველაფერი?

მხოლოდ იმიტომ, რომ მსუბუქად და

 

დიდხანს გვეძინოს და ნელი ვარდნით

დიოდეს წვიმა დედამიწის ატმოსფეროზე,

 

გვეძინოს, თითქოს დავესაჯეთ, ვეხუტებოდე

ჩემი საყვარლის მოშიშვლებულ თავს,

 

როგორც ვინმე საკუთარი ლოგინის სითბოს,

არაფრისგან რომ იწყება და ნელა, ნელა რომ ძლიერდება.

 

 

 

1 2 3 4 5