ულრიკე ალმუტ ზანდიგი (*1979) თანამედროვე გერმანელი ავტორია, რომელიც პოეზიას, პროზას და პერფორმანს თანაბარი გატაცებით მიმართავს. ის საკუთარ ლექსებზე მუსიკალურ ფილმებს იღებს, ხოლო პუბლიკის წინაშე გამოსვლისას, ლექსებს უმეტესად, მუსიკის თანხლებით კთხულობს. მისი პირველი ლექსების კრებული 2005 წელს გამოვიდა, სახელწოდებით „აბედი“. რასაც მოჰყვა არაერთი პოეტურ-მუსიკალური პროექტი, რადიოპიესები და მოთხრობები. ულრიკე ალმუტ ზანდიგი არაერთი პრემიის და შემოქმედებითი სტიპენდიის მფლობელია, 2020 წელს გამოცემული რომანით „ჩვენ მონსტრები ვართ“, მან კიდევ ერთხელ აალაპარაკა გერმანული პრესა, რომელსაც საშინელებათა რომანსა და პოეზიას შორის წარმოუდგენელი ბალანსი უწოდეს. აღნიშნული რომანი წელს ერიხ ლოესტის პრემიით აღინიშნა.

2016 წელს გამოცემულ ლექსების კრებულს „რაფსის ყანა ვარ, შვლებს ვმალავ და ისე ვანათებ, როგორც ცამეტი ფერწერული ტილო გვერდიგვერდ“ ხმოვანი ალბომი ერთვის, რომელზეც ზანდიგმა მუსიკოს სებასტიან როიტერთან ერთად იმუშავა.

წინამდებარე ლექსები სწორედ ამ კრებულიდან არის აღებული.

 

                                                                                               მთარგმნელისაგან

 

 

***

დასაწყისში არავინ დგას.

დასაწყისში ვიწექი მე და ვჩხაოდი.

დასასრულს ვდუმვარ და თეთრად ნაწერ

სიტყვების კრებულს მივითრევ კვალში.

ზედ რა წერია? თავსა და ბოლოს

ერთი ასო ამთავრებს, თქვენ კი,

თქვენ მწოლარეთ ჩაგესმით

ჩემი ამბის საწყისი : მე მდინარე ვარ,

შესართავს რომ ჰპოვებს სხვა წყალთან,

რაც თავის წილად სხვას უერთდება.

ენიდან შემქმნეს,

მე შეშლილი ასო-ბგერა ვარ,

მარტოდშთენილი ერთი ნიშანი

დაკარგული ხელოვნებისა – საკუთარ თავს

წარმოთქმისას უნდა მიუხვდეს.

მარტოები ვართ, თუმცა ახლა

ერთად მოვგროვდით:

dona nobis pacem ჩვენ

ამ ფაქიზ, შეჭმულ ალფა-ცხოველებს.

მე არ ვარ მარტო, არც შენა ხარ,

ყველანი ვცდებით, ჰოი, უფალო,

დაკითხვიდან დაკითხვამდე და

დანას ვუყრით ერთმანეთს გულში.

მეც მაქვს და შენც გაქვს, არა, ყველას გვაქვს

მისწრაფება განცალკევების.

ჰოდა, ის დიდი აფეთქება სად არის, აბა,

ყველა ჭირის და განსაცდელის ის დასაწყისი?

სათავესთან ჩემს ნაკადულს ნისკარტი აჩნდა,

სათავესთან მე ვიწექი და არავინ ვიყავ

და გავხდები ისევ არავინ. შუაში კი ერთი

ორკაპა კამერტონი ვარ, თხევად ფორმაში.

მე საკუთარი სიმღერა ვარ, კადრს მიღმა,

დათოვლილი რაფსის ყანების თავზე რომ ისმის.

 

 

 

1 2 3 4 5