უსათაუროდ დატოვებული ლექსი

 

მშვიდობით მეთქი,

რა უნდა მეთქვა?!

ფეთქავდა გული

და გულის ფეთქვა

მკერდში ტოვებდა ექოს.

ვიდექი, როგორც მექა

და ამ უბედურ ხალხში,

მე მარტოსული მერქვა.

 

შენ ხომ ყვავილობ ისევ

ირმის ეხვევი კისერს,

ისევ კითხულობ შელის,

როცა ეშვება ნისლი

და არაფერი გშველის.

 

დილით კი, შავი ყავა,

წლებია -აღარ გყავარ,

წლებია – განმარტოვდი,

წლებია – „ამარკორდი“,

წლებია დამპალ ყავარს

ასდის ლექსი და კვამლი.

წლებია, აღარ გყავარ.

დაყივლებამდე მამლის

სამჯერ რომ უარყავი.

 

სხვისი ხორცი და ნერვი,

სხვისი ნერვი და ხორცი.

მერე- პალატა მერვე,

მერე- გაძლება, ხომ იცი?!

ზოგი სწავლობდა ქსოვას,

ზოგი იხსნიდა ძარღვებს,

მერვეში იყო თოვა,

 

პატრონს მიაკვდა ძაღლი.

შენ ხომ ყვავილობ ისევ

ირმის ეხვევი კისერს,

ისევ კითხულობ შელის,

როცა ეშვება ნისლი

და არაფერი გშველის.

 

 

1 2 3 4 5 6