***
აი, მიდის ცოცხალი ადამიანი:
მის შიგნით იზრდება ხე,
მის შიგნით ბალახის სუნი დგას,
მის შიგნით – მილები და ონკანებია,
მის შიგნით – საბავშო ბაღია,
მის შიგნით ტიტანიკები იძირება,
მის შიგნით – ფოთოლცვენაა,
და მისთვის უკვე ორმოსაც თხრიან,
ის კი მიდის და მიუხარია.
***
აქ:
ტელეგრაფის ბოძი
წელში მოიხარა,
ისე, თითქოს ცა ზედ დააჯდა,
და პლატფორმამდეც ჭირს მიღწევა –
ირგვლივ ყველგან ყვავილებია.
შენ კი ყვირი:
– დროზე, თორემ დავაგვიანებთ!
დაბოძი უცებ გეჩვენება
დამწვარ ასანთად,
რომელიც, როცა მაჩქარებ, მე მგავს.
გთხოვ, შემეშვი, ჯერ კიდევ გუშინ ხმა დაირხა,
რომ რელსები ბალახებში ბუდეს იქსოვენ
და გაჩერდნენ ამის გამო მატარებლები.