* * *
ზეციურმა მკერავმა ქალმა
სიცოცხლის ხის ჩრდილს ჩამოაჭრა ერთი ნაკუწი
და ხიფთან-მამული შეუკერა მავან ტვინიკოსს,
მზის მოციმციმე სხივებისგან კი – ჩერჩეტს შარვალი,
აი, მე კი აღარ მეყო უკვე ნაჭერი.
და მოდის ტვინიკოსი, მდიდრული ხიფთანი
მოქარგული აქვს ტბებითა და მდინარეებით,
მოდის ჩერჩეტი: შარვლის ჯიბეები გასტენვია სიხარულებით,
მე კი მგონი წასასვლელი არსად არა მაქვს:
ვწევარ ხის ძირას,
სიზმრებს ვუყურებ.
* * *
…გამოგცდიან შენ,
მაგრამ ვერც კი გაიგებ, რომ გამოცდები იყო ეს,
და შესაძლოა, გაივლი ყველა შემოწმებას,
ისე, რომ ვერ მიხვდები, რომ გსინჯავენ.
ყველა ძღვენს
მიიღებ მშვიდად,
და არც კი იკითხავ ჩახლართული ფორმის
ფაიფურის სფეროებისა და თიხის ჭურჭლების
დანიშნულების შესახებ.
რუსულიდან თარგმნა
შოთა იათაშვილმა
