* * *

 

ლექსები არ არსებობს:

ეს უბრალოდ ლაღი ქარი გადაიქროლებს ხოლმე

ტუჩებზე.

 

 

* * *

                ერთხელ ირი ბახ ფარახმა…

                           ა. მირზაევი

 

ერთხელ

ჩექმებმა, ბათინკებმა და ტუფლებმა

ფეხი აიდგეს,

კიბეებზე ბრაგაბრუგი ატეხეს და

გავარდნენ გარეთ:

ბათინკები დამჭკნარ ფოთლებს აშრიალებენ,

ჩექმები ტალახში მიჭყლაპუნობენ,

ტუფლები კი ასფალტზე ქუსლებს აკაკუნებენ,

მიუყვებიან ერთად ქუჩას, იღიმებიან…

უკან კი,

ტკბილი მოგონებებივით,

პატრონები ასდევნებიან ფეხშიშველები:

მირბიან, თან ხელებს იქნევენ,

გზადაგზა ცდილობენ ტანსაცმელი მოიცვან და

ყვირიან რაღაც სისულელეებს…

ჩექმები, ბათინკები და ტუფლები კი

არხეინად მისეირნობენ,

რადგან პატრონებსუკვე საკმაოდ დაშორებიან:

და ზოგმა ნაჭერი შემოიხვია ტიტველ ფეხებზე,

ხოლო ზოგი დაუბრუნდა თავის ფაჩუჩებს,

რომლებიც არსად წაბრძანებულან

და არც წასვლას ფიქრობენ სადმე.

 

 

 

 

 

* * *

 

ჩაის დასალევად შევიკრიბებით,

და ვილაპარაკებთ სიკეთესა და ბოროტებაზე,

სამყაროში დამდგარ კრიზისზე,

გაუდაბნოებაზე,

ახლად დადგენილ საზღვრებზე –

და ამ სამყაროს ისტორიას

მოვქსოვთ ჯემპრივით.

სხარტად იმოძრავებენ ჩხირები,

მეორე მსოფლიო ომის წითელი ძაფი

ვიეტნამის ძაფთან გადაიწვნება,

აი, შავი ავღანეთი,

აი, არაბული მწვანე კრიზისიც…

მაგრამ ჩემი ჯემპრი თეთრი იქნება და ქათქათა,

იმიტომ რომ მას მიქსოვდა დედა,

რომელსაც მსოფლიო ისტორიასთან

არასოდეს ჰქონია საქმე.

 

1 2 3 4 5