ფურცელივით ამოხეული

 

ფურცელივით ამოხიეს სიყვარული

ჩემი ჭრელი და მღელვარე  ცხოვრებიდან.

ახლა შეგიძლიათ წამიკითხოთ სენტიმენტების გარეშე.

ახლა უფრო მკაფიოდ მოვყვები,

სტრიქონებს შორის მყვირალა ხნულებს გავაბამ!

მოვყვები

როგორი უკუღმართია ცხოვრება,

როგორი უკუღმართი და

მაინც ჭრელი ფარდაგივით საინტერესო!

 

კაცმა რომ თქვას, რად მინდოდა ეს სიყვარული-

ყოველ წუთს ფეხი უბრუნდებოდა,

ყოველ წუთს მიკვდებოდა ხელში,

ყოველწუთს ებერებოდა ძარღვები ყელზე,

ისე მამაღლებდა, რომ რეალობას ვკარგავდი,

ისე მადაბლებდა რომ ცის დანახვა მიჭირდა.

 

ამოხიეს ჩემი ცხოვრებიდან და

დრეკადი გამიხდა ხერხემალი,

სიმაღლიდან სიდაბლისკენ საღი გონებით ვიხრები,

მიწიდან ცამდე ჰამაკს საღი სიტყვებით ვაბამ.

და როცა ჩემს გზას მივუყვები

სველ ქვა- ღორღზე ფეხი არსად აღარ მისხლტება.

 

ჰოდა აბა რად მინდოდა მეთქი -ვამბობ,

კაცმა რომ თქვას, რად მინდოდა მეთქი -ვამბობ,

მდინარეში შევალ მეთქი-ვამბობ და

ვითომც არ ყოფილა სიყვარული-ხელებს დავიბან!

 

 

1 2 3 4