მაშინ, როდესაც ცეცხლმა დაწვა ბევრი შენობა

 

მე გამოვედი ჩემს ქალაქში, დამწვარ ქალაქში,

გავხსენი ჩანთა და უსიტყვოდ ამოვალაგე

ყველა უაზრო ძველი ნივთი,  ყველა ზღაპარი,

ყველა ცრურწმენა მივაშავე დამწვარ სანაგვეს –

რომელიც იქვე, ქუჩის ბოლოს მშვიდად იცდიდა,

უბრალოდ იდგა ჭვარტლიანი, მოკლე მკლავებით,

წარმოვიდგინე, ცეცხლის ენა როგორ ჰკოცნიდა

მოკლე მკლავებზე, რა ვნებით და რა აალებით

 

და გავაგრძელე გზა ქალაქში, დამწვარ ქალაქში

გახსნილი ჩანთით ჩავუარე ბიბლიოთეკას,

სადაც ჭვარტლიან წიგნებიდან ღმერთი ბღაოდა,

სადაც სიტყვები  ადნებოდნენ წიგნის გარეკანს,

გახსნილი ჩანთით ჩავუარე  კინოს, ოპერას,

ძველ სასტუმროებს – შავებსა და გულამოცლილებს –

რომელთაც თვალი გააყოლეს ცარიელ ჩანთას,

მეც  ცარიელი, მშრალი მზერით გამომაცილეს,

 

მე კი წარსული მომყვებოდა  იმ შენობიდან

სადაც დამწვარი წიგნებიდან ღმერთი ბღაოდა,

მივბრუნდი და ვთქვი:

გადმოვიტან ყველა წიგნის ყველა გარეკანს,

გადმოვიტან ყველა წიგნის დამწვარ იმედს

ჩემს უცნაურ, ჭვარტლიან გულში,

შინაგან გზაზე ავაშენებ თეთრ შენობას,

ის იქნება ჩემი სახლი,

ის იქნება ჩემი დიდი ბიბლიოთეკა.

 

 

 

1 2 3 4