შენი მდინარე

 

შენი მდინარე მუხლებსაც კი ვეღარ მისველებს

ისე დამიშრა თვალწინ, ისე დაპატარავდა,

არადა ერთ დროს სიყვარულზე მეტად მიშველა,

არადა ერთ დროს ვფიქრობდი რომ იყო მარადი.

 

შენმა მდინარემ დამასველა, მერე გამიშვა,

ახლა ნაპირზე მიკოცნიან ტერფებს ქვიშანი,

წავედი, მაგრამ დაგიტოვე    სიტყვა სანიშნედ

გქონდეს მოსაწყენ გულის ფსკერზე  ჩემგან  ნიშანი.

 

 

ქვები

 

შენ არასდროს გიმოგზაურია ჩემში,

არასდროს გინახავს , რამდენად ღრმა არის ჩემი ფსკერი,

როგორ ყრია იქ ფერადი ქვები დაუდევრად,

როგორი სიყვარული იციან ამ ქვებმა და

როგორი სიძულვილი,

არ გინახავს, როგორ ვიძირები ყოველ ღამე ამ ფსკერზე

რომ იქიდან დღის სამყოფი გამძლეობა  წამოვიყოლო.

ხელისგულებით დამაქვს მერე ეს გამძლეობა და

არ ვიმჩნევ, როგორ  მაწუხებს მუცელზე აყვავებული სიყვარული.

 

შენ არასდროს გიფიქრია, რას გრძნობენ ქალები

რომლებიც ერთხელ დაიბადნენ, მაგრამ ათასი სიკვდილი ერგოთ,

რომლებიც შიგნით იმსხვრევიან და გარედან ანათებენ,

რომლებიც საკუთარ ქვებში წვებიან რომ გამაგრდნენ და

უკან დაბრუნებულებმა მხრებზე ციცინათელები შემოიწყონ.

შენ კი ფიქრობდე  რომ რადგან ანათებენ, არაფერი უჭირთ

და არც არაფერი დაშავდება,

თუკი ქვებს ამოეფარები და ამ სინათლეს  დაემალები.

 

1 2 3 4