თითიდან გამოწოვილი დღეები
1
ვხედავდი მლოცველ ხელებს
და სატელეფონო ბოძებს
მლოცველი ხელებივით
მაღლა აღმართულს.
სველი ბალახის სურნელი იდგა.
ხორბლის თავთავის კენწეროდან,
როგორც უბედურების მყარი ტოტიდან
ვხედავდი, როგორ იწეოდნენ
ფრინველები კეთილმოწყობილი
ციდან დაბლა,
მანქანის უკანა ფანჯრებივით
და მშრალ ფრთებს მიწვდიდნენ.
ქარის წისქვილი ხმაურობდა
როგორც ბავშვობა…
ვხედავდი
თითიდან გამოწოვილი დღიდან
დღემდე თუ როგორ
მიწვდიდი დროს ჭიქა
წყალივით
და მოთმინების ნატეხს
სიცოცხლის პირიდან მაცლიდი.
(თითიდან გამოწოვილი დღე
და შენ, ამ ლექსში
საოცრად კარგად გამოდიოდით…)
2
ვხედავდი, განათების ბოძების
და სატელეფონო ჯიხურების
თავზე ფრინველებს და
ფრინველების მლოცველ ფრთებს
მაღლა აღმართულს..
თითიდან გამოწოვილი ჩრდილივით
მახსოვდა, როგორ გინდოდა
დაგემალა მშრალი
ხელები პალტოს ჯობეებში
გულისთქმებივით.
სიამოვნების წამი
ნერწყვივით გადაგეყლაპა
და გეთქვა – წავედი.
მახსოვს, თითიდან გამოწოვილ
სიზმრს ვყვებოდი.
მშრალი ბალახის სურნელი იდგა.
***
ჯარმუშის ფილმში ვთამაშობდე.
კიმ კი დუკის ფილმში ვთამაშობდე.
ქვიშაში ვთამაშობდე.
ქარში ვთამაშობდე.
გაზაფხული მოდიოდეს
ზაფხული მოდიოდეს
შემოდგომა მოდიოდეს
ზამთარი მოდიოდეს
თოვლი მოდიოდეს
ტაქსი მოდიოდეს
და ბრინჯის მოსავალიც…
მუნჯ კინოშიც ვთამაშობდე
მაგრამ მუნჯი არ ვიყო…
პატერსონში ვცხოვრობდე
ავტობუსის მძღოლი ვიყო
და მყავდეს ძაღლი და
არ მყავდეს ძაღლი,
რომელიც ლექსიან ქაღალდებს ჭამს
და სიყვარულს ვჭამდეთ
და სუშის ვჭამდეთ.
ლექსებს ვწერდე და
ნოველებს ვწერდე
და პიესებს ვწერდე
და არაფერს ვწერდე
და ჩემი ტექსტები
და არაფერი ღრმა აზრს
იძენდნენ,
როგორც ჩვენი აპრილის
გამჭვირვალე საღამოები…