ზურგსუკან

1
სასაცილოა.
ბედნიერების ზურგსუკან ვცხოვრობ.

როგორც შავ-თეთრი ფოტოს
უკან სამახსოვრო წარწერა
ისე ვჩანვარ, ამ სამყაროში
და ვინც მიმახსოვრებს
მხოლოდ ის არის,
ვინც დღე მოკრძალებული
სიმწრით დაიწყო და
მსუბუქი ხელის აღმართვა
მოუწია სასოწარკვეთილებაზე…

,,გაკრული ხელით ვარ დაწერილი
გაურკვეველი მიზეზების გამო…,,

 

2

არ არის სასაცილო.
ბედნიერების ზურგსუკან ვცხოვრობ.

საშინაო სიკვდილს ვიცვლი
შარვალივით
და საგარეო ხელმოცარულობას
ფეხსაცმელივით,
ამ დღეზე ვირგებ…

ვრეკავ.

ყურმილის მეორე ბოლოს სიჩუმეა,
ნიავის მეორე ბოლოს აურზაური.
ტკივილი მესმის…

ვისვენებ.

ბედნიერების ზურგსუკან ვცხოვრობ.
უცხო სახლში,
სადღაც კუთხეში
მიდგმულ დივანზე
ვზივარ,
ვისკის ბოლო ყლუპს
ვუშვებ ყელში და ბოლო
სიტყვას ველოდები შენგან.
ვიცი, ჩემს ზურგსუკან დგახარ.
შემოაბრუნე ჩემი ცხოვრება.

 

 

 

1 2 3 4 5