წყალი არ გაგცემს.  მიწა არ გაგცემს.

 

1

წყალი არ გაგცემს,
არც გულში
არ ჩაიდებს წყენას.
მხოლოდ,
შენს სიცოცხლეს
გაიმეორებს,
ჩაგძირავს და
ზედ,
იმ ფოთლებს
მოგაყრის,
რომლებსაც
ყოველი ლანჩის,
შემდეგ
ცხოვრების
ტრაგიკულ
მომენტებს
აწერ და ახმობ..

სამყაროს
წყალი არ გაუვა,
მაგრამ ადამიანს
გაუვა  წყალი,
მიწა და ფერი,
როგორც ლექსს
სტრიქონი, მძიმე და
მეტაფორა….

წყალი არ გაგცემს.
წყალმა იცის,
როგორ ღიღინებ
შხაპის მიღების დროს
ნოემბრის ჩიტზე.

წყალი სუფთაა.
და თუ უიმედობა შეერევა მთელი ქალაქის,
და თუ ხმაური შეერევა სამხრეთის ქარის,
და თუ იმედი შეერევა გემის კაპიტნის,
მაშინ თევზი წყლიდან
წყალზე გადაგცემს
დილის ცა – ჯვარზე.
დაიღვრება შენი წყალი
შენი სისხლივით
და ასე, ნელ-ნელა
დაიცლები
რომანტიკისგან…

ამ სიტყვებს წყალი არ გაუვა,
როგორც მაისის ჩიტს
ცის სინათლე…

 

2
მიწა არ გაგცემს.
მიწა შენი სინდისის
თანამოაზრეა…
მიწამ კარგად იცის
შენი ძლიერი მხარე
ხეზე ასვლის და
სეირნობის დროს.
იცის, როგორ იზრდები
წარსულის ხელით,
რომელიც ჭუჭყიანია…

მიწამ შენი ფეხის ზომაც
იცის, როგორც შენმა თვალთმაქცობამ
და სიკვდილმა
იციან, რამდენი კილომეტრი
გაიარე:
ფეხით, ტრამვაით,
ტაქსით და ამერიკული
კომიქსის გმირის
საშიში ნიღბით…

შენგან ფხვიერი მიწა გამოვა,
ფხვიერი მიწისგან ორმო.
ყვავილის ფესვს და ალვის
ხის ფესვებს რომც
ვერ მოერგო
შენს თავს ვერ გასცემ,
შენს თვალს ვერ გასცემ,
მხოლოდ აცდუნებ…
თვალი ადევნე მიწას.
მიწამ იცის შენი დღის ბოლო,
როგორც შენი დღის დასაწყისი…

 

 

 

1 2 3 4 5