* * *
საკუთარ თავს მაინც უნდა მოუყვე,
როგორ თრთოდი,
შენ,
მზისგან გაშლილი ყვავილი,
რომელსაც ქარიშხალმა გადაურა.
ვერ ამოგლიჯა,
ვერც ფურცლები დაუფანტა
და მხოლოდ თრთოდი,
ღეროები გიკანკალებდა.
თრთოდი
ადამიანის ყბებით,
ბაგეებით,
ნეკნებით თრთოდი.
შემდეგ გაშეშდი,
ისე თითქოს გაიყინა მინერალები მიწაში,
გაიყინა სინათლის სახე –
ყველგან სადაც მზე ჩავიდა,
ყველგან სადაც ისევ ინათა.
* * *
სინამდვილეში მინდოდა ხეს ჩავხუტებოდი.
ხელები შემომეხვია იმ ჩვეულებრივი ხისთვის,
რომელსაც არაფერი გააჩნდა განსაკუთრებული.
თუმცა მხოლოდ ის შევძელი,
რომ გაუბედავად მივეყრდენი.
ისე თითქოს ვინმეს გზას ვუთმობდი საპირისპირო მხრიდან,
თუმცა არავინ წამოსულა,
არც არავის ეცალა ჩემთვის.
ისინი ძალიან სწრაფად დადიოდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.
მე კი ნელა და ჩუმად,
როგორც ფრინველი მოსეირნე,
ფრთხილი და თითქოს შეუმჩნეველი.
იყო ღამე
და მე მივდიოდი ძალიან დიდხანს,
ძალიან მოკლე მონაკვეთზე,
ერთი ხიდან მეორე ხემდე,
მაგრამ ვერცერთს ვერ ჩავეხუტე,
თითქოს უნდა აფეთქებულიყვნენ,
როგორც კი ხელებს გავშლიდი მათთვის.