* * *

ეკლებად იქცა ორმოები,
რომლებშიც ადრე ვიხედებოდი.
არ მეშინოდა მაშინ არაფრის – ხედვა შემეძლო !
ბაგეც კი არ შემიკრთებოდა.
ახლა გართულდა.
მხოლოდ ეკლებში
(მიტოვებული სოფლის ეზოს გავს,
ბავშობის შემდეგ რომ ესტუმრები.)
გზას ვერ ვიკვალავ,
რადგან არ მახსოვს, სად რა ხე იდგა
რომელი ხიდან დაიწყო ხმობა.
ასე რთულია წინ რომ იარო,
ვერც ხელებს იქნევ, როცა იხრჩობი
და სადაც თითქოს საფრთხე არ არის,
მიჩვეული თვალით ტყუვდები.
ეკლებად იქცა ორმოები,
რომლებშიც არამარტო ვიხედებოდი,
არამედ ხშირად ვიმალებოდი – მალვა შემეძლო !
კრინტიც კი არ გაისმებოდა.
აქ კი ვერსად დაიმალები,,
ბუნდოვნად თუმცა მაინც მოჩანხარ,
მაინც გეძახის ტრამალ და ტრამალ, ჰორიზონტიდან,
ხან მზის სხივები, ხან კი ჩრდილები.
ეკლებად იქცა ორმოები და
ვეღარსად ვერ ჩავიხედები.
ვეღარსად ვერ დავიმალები.
ვეღარც თვალებს ვერ მოვატყუებ,
ვეღარც სხეულს ვერ გადავმალავ,

 

 

 

* * *

მაშინ როცა მარტო დავრჩი,
დავხატე ჩიტი.
ყველაზე მარტივად დასახატი იყო ჩიტი.
არც მის სახეობაზე მიფიქრია,
და არც იმაზე თუ სად მინდოდა გაფრენილიყო.
დავხატე ჩიტი, ფრთების გამო
და კიდევ ცისა და ხეებისთვის.
ჩიტი, სხვა ჩიტებისთვის და ჩიტი მარტო,
ცაში მონავარდე,
ვინმეს თვალისთვის გასახარი,
ხეზე ბუდის მომწყობი,
ჩიტი, როგორც სამიზნე მონადირის,
ჩიტი, რომელიც გამოიჩენდა სიფრთხილეს,
ასეთ და სხვა შემთხვევებში.
დავხატე ჩიტი ფანჯარასთან,
სახლში შემთხვევით შეფრენილი,
მოტყუებული,
მინის უკან ცის გამოჩენით.
დავხატე ჩიტი,
ბაღში ჩუმად მოსეირნე,
თავმდაბალი და მოულოდნელად აფრენილი,
ხმაურზე, რომელიც ვერც კი მიხვდა საიდან ისმის.
დავხატე ჩიტი,
მაშინ როცა შემთხვევით მიენარცხა ავტომობილის საქარე
მინას,
გადალესილი ავტომაგისტრალზე,
იქ სადაც არ უნდა ყოფილიყო მისი ადგილი.
დავხატე ჩიტი ილუზიონისტის ჯიბიდან ამოფრენილი,
თუ გამოთქმიდან, „ ახლა ჩიტი გამოფრინდება.“
დავხატე ჩიტი ერთ ერთი ძველი საღამოდან,
სადაც თვალწინ ჩიტების გუნდმა გადამიფრინა,
და მარტო სულაც არ ვყოფილვარ, როცა ეს მოხდა.
მაგრამ როცა კი მარტო დავრჩი,
ყველაზე მარტივად დასახატი იყო ჩიტი.
ამიტომაც ავდექი და დავხატე ჩიტი.

 

 

 

* * *

თავის შეკავება
როგორღაც შეძელი ამის გაკეთება,
თავის შეკავების.
თავი პატარა ტვირთად აქციე,
ისე რომ ზურგზე ამოგეზნიქა კუზივით თავი.
თვალები და პირი მიუხატე,
რომ არაფერი დაენახა და არ ესინჯა.
ყურები მცირედ ამოუჩიჩქნე
რომ გაეგონა ძალიან მცირე
და მხოლოდ აუცილებელი,
მხოლოდ საჭირო.
ასე,
ერთი შეხედვით უძალისხმევოდ,
ერთ შეხედვით ერთ ლექსში,
თავი ზურგზეა,
მეორე თავი,
შეკავებული, ამობერილი და დალუქული.

 

 

 

1 2 3 4 5