* * *

კაცის სიზმარში,
საწოლი თრთოდა.
კაცი კი იყო მშვიდი,
ისეთი, როგორც მძინარე ჩიტი.
კაცის სიზმარში,
ბალიშიდან ამოიზარდა მოგონებები
და თავზე შემოეხვია კაცს.
მაგრამ მაინც,
ის იყო მშვიდი,
ისეთი, როგორც მძინარე ჩიტი.
კაცის სიზმარში,
იყო დილის მზის სხივები,
შუბებივით დასობილი საწოლზე.
კაცს ყველა აცდა.
რადგან კაცი იყო მშვიდი,
ისეთი, როგორც მძინარე ჩიტი.
კაცის სიზმარში,
არავინ დაფრთხა.
არცერთი ჩიტი.
მხოლოდ და მხოლოდ თრთოდა საწოლი.

 

 

 

* * *

ქალმა დაიწყო ყველაფრის დამალვა,
რაც კი კაცთან აკავშირებდა.
შეიძლება განადგურებაც კი.
-ჭაში ჩაყარა !
ფიქრობდა კაცი,
საიდანაც საციცოხლოდ წყალი უნდა სვას.
(ოღონდ ყურადღებით,
თავდაჯერებითა და დამოუკიდებლად.)
კაცმა კი გადაწყვიტა,
(ან უფრო სწორად, ასე თავისთავად გამოუვიდა,)
გაურკვეველი დროით ხეში ეცხოვრა.
პირდაპირი მნიშვნელობით,
რამდენადაც იყო ეს შანსი,
ან მცირედი შესაძლებლობა.

1

პირველ რიგში,
ტოტები ისე შემოიფარა,
რომ სულ მთლად არ დამალულიყო,
ნაწილები თავისი თავის,
დასანახად, სააშკარაოდ
თუ საძიძგნელად გამოაჩინა.
მოულოდნელად გამსკდარი ჭრილობებიდან,
ყვავილები რომ ამოსდიოდა,
გაიფიქრა,
რისკია იჯდე ხეში,
შუა ზამთარში.
რომ შეიძლება ერთ დღესაც,
ხე თავზე შემოგეჭრას,
წელში შემოგეჭრას,
გულში ამოგეჭრას,
მაგრამ ყვავილები ისევ ამოსდიოდა
და ყვავილები ისევ ირხეოდა,
შემოხვეულ ტოტებთან ერთად.

2

კაცი ყოველ დილით ამბობდა ხეში,
რომ გასულ ღამით დაინახა ქალი,
მთის მწვერვალებთან ახლოს.
ჩიტზე მჯდარი ქალი,
მთვარის შუქში მოფრიალე.
მაგრამ ეს უფრო იყო ნაწყვეტი წარსულიდან,
ერთერთ სიზმარში ფესვ ამოდგმული.
რადგან სინამდვილეში კაცი იყო იმდენად მარტო,
რომ მისთვის ჯობდა კიდეც სრულ სიბნელეს ეს ანარეკლი.

3

ჩუ..
ჩჩუუუ…
ჩუუუუუ…
ჩუუუუუუუუუ..

4

როდემდე იჯდება კაცი ხეში ?

5

იქნებ კაცი იქცევა ხედ ?
ან ხე იქცევა კაცად ?

6

შემდეგ არ იყო გაგრძელება
და არც ამბის დასასრული.
აღარც ლექსი იყო შემდეგ.
უბრალოდ კაცი იჯდა ხეში.
ქალი კი ჭაში ყრიდა ყველაფერს რაც კი კაცთან აკავშირებდა.

 

 

 

1 2 3 4 5