* * *

და იყო ამბავი კაცის,
რომელიც იდგა გზაზე
და ფეხებიც გზას შეეზარდა მისი.
ამბავი იყო ღამეში დამდნარი,
როგორც ნაყინი მზის გულზე,
ამბავი იყო რამდენიმე მოქმედებად.

1

მათ ქონდათ ერთმანეთის ხელები,
ანუ შეეძლოთ სიყვარული,
მარტივად და თავგანწირვით.
ყოველი ღამე იყო მოულოდნელი სიყვარულის პატარა
ეპიზოდი,
გაყინული გულიდან იზრდებოდა,
ნამდვილი სინათლეები,
იფრქვეოდა ცაში,
როგორც გაზაფხულის სურნელი.
მაგრამ სინამდვილეში იყო შემოდგომის ჩვეულებრივი ხეების
მწკრივი.
კაცს კი ეცვა საბჭოთა კავშირის დროინდელი პიჯაკი,
მაჯებთან ოდნავ მოკლე
და ქალს ჰქონდა მუქი ყავისფერი ფართო თვალები,
(რადგან კაცს არ ახსოვს რა ეცვა ქალს)
გაშლილი როგორც ქუჩა ღამით
ავსებული ათასგვარი თანაგრძნობით.
ისინი მიდიოდნენ და ყველა ორმოში ღიმილის ხიდებს
აგებდნენ.
ისინი სიტყვებს ისე ესროდნენ ერთმანეთს,
რომ პირდაპირ გულები ამოევსოთ,
დიდი ცარიელი გულები.
სხვა ყველაფერი მოგვიანებით გაირკვა.
რომ მაგალითად კაცს უყვარდა სირბილი
და ასე უმიზეზოდ სურდა გაქცევა ქალთან ერთად.
გაქცევა ხალხით სავსე შუა ქუჩაში.
მაგრამ ქალი არ თანხმდებოდა.
კაცს სურდა ცეკვა,
ყველგან სურდა ცეკვა, სავსებით საღ გონებაზე
და სურდა რომ ქალი დაეტრიალებინა ადგილზე ერთი
მოძრაობით,
მაგრამ აქაც არაფერი გამოუვიდა.
შემდეგ კი კაცს დაავიწყდა ყველაფერი,
და ახსოვდა რომ მხოლოდ ის უყვარდა ვინც არაფერში არ
დაეთანხმა.
უყვარდა ისე როგორც საკუთარი თავის წინ მორბენალი.

 

2

შემდეგ იყო პირველი, პატარა მარცხი.
მარცხი როგორც უგემური საჭმელი,
რომელიც კაცმა გადმოაფურთხა
და შემდეგ დაფურთხებულს აკვირდებოდა.
მას ჩუმად შეუყვარდა პირველი მარცხი.
-არაფერი მომხდარა,
წარმოთქვა საკუთარ გულში,
რომელიც იყო ბასრი სიტყვებისა და პოეზიის მიმართ.
და ნათქვამი გაჭრა ოთხად,
შეინახა როგორც არაფერი,
დამალა როგორც არაფერი,
და ასე შეძლო გზის გაგრძელება.

 

3

გზაზე იყო საღამოები,
სადაც კაცი აშენებდა სასახლეებს,
და ქალი შედიოდა ამ სასახლეში ცალი ფეხით.
კაცი ლაპარაკობდა ლექსებით მასთან,
და ეგონა რომ პოეზიით მეორე ფეხს ამოუყვანდა
მაგრამ ქალმა ერთხელ ჩუმად თქვა.
-მეტაფორა არის ტყუილი !
პოეზია არ არსებობს !
კაცს ეს არ გაუგია.
რადგან ყურის ნიჟარები გამოტენილი ჰქონდა ჰაიკუებით.

 

 

 

1 2 3 4 5