***

ყველა დაბრუნდა სიზმრებივით ახდნენ დღეები
ყველა ვინც ფრთები მოიშუშა უკან დაბრუნდა
მე უკვე ვხვდები ამ გაზაფხულს რას მიმღერებენ
მე უკვე ვხვდები ვერ მივაღწევ ამ გაზაფხულთან

ყველა მარტოა ამბებივით სახლებს ტოვებენ
ყველამ ვინც გული გაამხილა ისევ მარტოა
არ მიფრინავენ იმ ქვეყნებში ჩემი ტოლები
ეს უბედური შემთხვევაა რომ ჩემს ნათხოვარ

მხრებს თვალებს ღიმილს სიგიჟეს თუ კიდე რაცა მაქვს
ვეღარ ვიგუებ და ვაბრუნებ სამასკარადო
ტანსაცმელივით ამ ცხოვრებამ ისე დამცალა
ერთი ზამთრითაც აღარ მინდა დამაავადოს

 

***

1

ჯერ სული უნდა გაიხადო და მერე ხორცი
გფარავდეს ძალა ყველა ცხელი უსიტყვო ლოცვის

კვლავ არაფერი გამაჩნია მშვიდად იყავი
გადავიღალე სურვილების ვნებების ხოცვით

რაც უკვე იყო უკვე მორჩა უკვე დამთავრდა
რაც შევათანხმე ზამთართან თუ ის რაც ზამთართან
დავტოვე შენში გაიხაროს რადგან წმინდაა
ეს ყველაფერი ტყუილია შვება მართალთა

2

ვინც მახსენდება მართალია ყველა რაღაცით
ვინც დავივიწყე მისულია ყველა უფალთან
მას ვისაც სისხლი მელანივით ამოუქარდა
ვისაც სულ ახსოვს ორმო როგორც მკვდარი ძმაკაცი

ორმო რომელშიც ჩაამწყვდია ვინც კი უყვარდა
ისე უყვარდა საბოლოოდ ყველა დაქანცა

ოცი დღე

ან რაზე უნდა წერო ასეთ დროს,
ან რაზე უნდა წერო, ოცი დღე
რომ ვერავისთვის ვერ იარსებო,
რომ ვინც კი გიყვარს ყველას მოცილდე.

თუ გაუძელი და თუ გაძვერი
სარკმლიდან, რამე ჰაერის მაგვარს
თუ ნახავ, იქნებ მასზე დაწერო,
ჰაერზე, ანუ რომ სუნთქავ, მაგრამ

უკვე ისწავლე, რომ არყოფნასაც
სურვილი უნდა და მონდომება.
და მეგობრებთან, როგორც სუფრასთან,
ვლინდები თრობის მრავალ ტომებად.

ან რაზე უნდა იოცნებო და
ან რაზე უნდა წერო, ოცი დღე
იმედი ჰქონდათ, გადარჩებოდი
ახლობლებს, როცა შუბლზე გკოცნიდნენ.

წვიმს. შუშას სუსტი წვეთებით აწვიმს.
წვიმს. ფრაგმენტებად მახსენდები და
როგორც სხეულის უმთავრეს ნაწილს
გიგლეჯ და წვიმის ნამსხვრევებიდან
ამომყავს ლურჯი ანგელოზები.

შენთვის ვლოცულობ. და შენზე ვდარდობ,
რომ ვეღარსდროს ვეღარ დაგინდობ.
კიდევ ოცი დღე ვიქნები მარტო
და მერე ალბათ წავალ აქედან.

 

 

1 2 3 4 5