***

როგორ ვუყვარვარ როგორ ვუყვარვარ
როგორ ვუყვარვარ როგორ ვუყვარვარ
როგორ ვუყვარვარ როგორ ვუყვარვარ
როგორ ვუყვარვარ როგორ ვუყვარვარ
ჩემს ძაღლს არაფრის გამო

 

***

ზამთრის ღამეში წამალზე წასულს სოფლის გზებს რო თოვლი გინათებს იქიდან მიყვარხარ

შობას ნიუ-იორკში განათებული სახლები და ეზოები როა იქიდან მიყვარხარ

ოცი წლის შვილმკვდარი დედა სხვა დედებს რო ეხვეწება შვილებს გაუფრთხილდითო იქიდან მიყვარხარ

ლექსებში ჰონორარს რო აიღებ და მამას დაეხმარები იქიდან მიყვარხარ

პლეხანოვზე რო დადიხარ და ქუჩებს ათვალიერებ იქიდან მიყვარხარ

ვაჟას ძეგლთან მეგობარი რო გიყვება როგორი შვილი ყავს იქიდან მიყვარხარ

ვორონცოვზე შაკო ბაკურაძე რო ცხოვრობს და ხუთას მეტრში გიო ლომიძე ცხოვრობდა იქიდან მიყვარხარ

 

***

რატომ არ საუბრობ ჩემთან ვით დანგრეულ კედელთან
რატომ არ მოდიხარ და სანთელს არ მინთებ რატომ არ
მიყურებ რომ მთელი უდაოდ სასტიკი ვენდეტა
თავისი თავისთვის მოაწყო სულელმა ავტორმა

 

***

ი. კ – ს

ჩვენ არ გვეხება დედამიწის ბნელი ამბები
შენ ოქროსფერი ბიჭუნა ხარ მე მხრებაწურულს
მუჭში მიჭირავს უშედეგო თეთრი აბები
და მინდა ვინმეს სილა მაგრად გავულაწუნო

რომ ვერ გვიცნეს და გაგვაცილეს მდინარისაკენ
იქ შორს კვამლია და ორივე კვამლში დავცურავთ
შორიდან ვუმზერთ სუყველაფერს ახლოს მისვლა კი
უსასტიკესად აგვიკრძალა ჩვენმა წარსულმა

მთაა ქოხია ეზოში კი ერთი სკამი დგას
სადაც მშვიდად ვართ და ორივე სიცილს ვაგრძელებთ
ვფიქრობ და ზოგჯერ უცნაური შიში ამიტანს
რომ პოეტები იშვიათად ვგავართ ნაწერებს

ჩვენ შეგვიძლია გადავღებოთ სახლის კარები
სულაც ჩამოვხსნით თუ მოგვინდა თუკი მოგვინდა
როლებს მოვირგებთ ერთმანეთის დასახმარებლად
ჩვენი მრავალი ფსიქიკური აშლილობიდან

 

 

***

ი. კ – ს

მზის ბიჭი. მისი ლაქები კი ღმერთმა დასწყევლოს.
მზის ბიჭი. მისი ღამეები თასმებშეხსნილი.
მზის ბიჭი. ისე მომინდება მისკენ გაქცევა.
მზის ბიჭი. უხმო. უსახლ-კარო. უეკლესიო.

რატომ მიდიან სეზონები ასე თავისთვის
რატომ ჭკნებიან ყვავილები დაუკითხავად
მზის ბიჭო, მალე დაგინახავ, თუკი დამიცდი.
ვერ მიმკურნალა ექიმმა, ვერც მღვდელმა, მკითხავმა.

ამიტომ მალე დაგინახავ. ჩემი ცხრათვალა
გულით გაგათბობ და შენ იგრძნობ ამას მაშინვე,
რომ ერთმანეთთან მიგვიყვანა ცივმა ზამთარმა
და საბოლოოდ ერთმანეთი გადავარჩინეთ.

 

1 2 3 4 5