მიშო დადიანს

ბოლო დროს ირთობ თავს. იგონებ შემზარავ ამბებს.

მთელი ოთახი სიმარტოვე და ერთი აბი
ძილი და ძილში საუბარი მათთან, ვინც ცივად
დაგტოვა. გული ამოვარდნას გაქვს სიზმრად ნარბენს.
სიზმრიდან მხოლოდ იმ შეგრძნებამ გამოგაცილა,

რომ უნდა შეძლო, გააგრძელო ძილი და მაინც
იღვიძებ. მომცრო აივანზე, როგორც დაგიტევს,
იდგები, სანამ არ მოძებნი სიტყვებს – სამალავს.
უმნიშვნელოა სავარძელი, სკამი, მაგიდა.
შენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ახლა არ გინდა,
იყო საერთოდ, დამტვრეული ფრთების ამარა.

ასე იდგები, თუ ვერ ნახე სიტყვები, შუა
ღამემდე, ალბათ. არ დაღლილხარ თითქმის არცერთხელ.
შენ თანახმა ხარ ყველაფერზე და ამბობ უარს.
და ჩვეულებრივ იმარაგებ ახალ გაზეთებს.
თუმცა სულ ბოლოს აღარც გახსოვს “მინდა” რაზე თქვი.
კიდეც ადიდებ თავდახრილი ღმერთს, სადმე თუა.

შენ ასეთი ხარ, მაგრამ არ გსურს, იყო ასეთი.

 

***

იცი რაზე ვფიქრობ ხოლმე
ყველა სიხარული რომ დამიბრუნდეს
ყველა იმედი
ყველა მეგობარი რომელიც დავკარგე
შეიძლება ტირილით მოვკვდე

აი მანდ ვცხოვრობ და წარმოდგენისაც კი მეშინია
ყველაფერი რომ დამიბრუნდეს
და ისევ დავკარგო

 

***

ყველაზე მტკივნეული ის კი არ არის
რომ ყველგან ყრუდ საშობაო სიმღერები ისმის
ან ის რომ მაღაზიებში უკვე გამოიტანეს ნაძვის ხეები
ან ის რომ ყველა სადღაც მიიჩქარის
უბრალოდ ვზივარ ფანჯარასთან
და ვერ ვიხსენებ რას ვაპირებდი
ახალგამომცხვარი პურის გულივით
რომ ვეღარასდროს დავიხრები შენი გულისკენ და შევისუნთქავ
ვერც შენი იმედი მექნება
ვერც შენი სახლისკენ ვივლი
რამეთუ ვიცი დავეცემი
უფრო დავეცემი ვიდრე ოდესმე
და შენ მაჯასაც არ გამისინჯავ
ყველაზე მტკივნეული ის კი არ არის
რომ ახალ წელს დაიბადე
ის რომ დაიბადე ცხოვრებისთვის
სადაც ჩემი ადგილი არაა
ის რომ ყოველთვის იცხოვრებ
და ვეღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს
და არც არავინ მოვა ვინც მეტყვის რომ დავმშვიდდე
რომ ცხოვრება წინაა
რადგან ყველას სიკვდილით სავსე თვალებით ვუყურებ
და წავიდნენ ჩემი მეგობრები

 

გადაბრუნდება

გადაბრუნდები მეორე მხარეს
რა ჯანდაბაა იქითაც
შენ თუ გინახახვს ასეთი მთვარე
ვუყურებ თითქოს მისხლიტავს

გადაბრუნდები მეორე მხარეს
დიდი კაცები დადიან
არც ცოცხალი და აღარც მკვდარი
ცხადია ცხადზე ცხადია

გადაბრუნდები მეორე მხარეს
ყვითელი შპალერისაკენ
არ გაიღება არასდროს კარი
სხვის სახლში გამოიზამთრებ

გადაბრუნდები არაფხიზელი
მთელი დღე თვალწინ ჩაივლის
გადაბრუნდები საბედისწერო
გადაბრუნებით

ჰაერი

 

1 2 3 4 5