***

დილა ყველაფერს აფუჭებს
არც პოეტი ხარ არც ადამიანი
შუადღე ყველაფერს აფუჭებს
არც ქალი ხარ არც კაცი
საღამო ყველაფერს აფუჭებს
არც ლოთი ხარ არც ნარკომანი
ღამე ყველაფერს აფუჭებს
არც ცოცხალი ხარ არც მკვდარი

 

***

ვერასოდეს ამარიდე იმას რისი არიდებაც გსურდა
ვერასოდეს დამიცავი ჩემი თავისგან
ყოველ ჯერზე მოხვედი და ჩემი სიყვარული აღიარე

 

***

სათქმელი რომ შევიბრუნო და არაფერი გითხრა

ხეზე რო ჩამოვჯდე და ფიქრი დავიწყო

ყვავილები რომ მოფრინდნენ და სიზმარი მიამბონ

დანაშაული რომ არ მქონდეს და მშვიდად მეძინოს
ძილში რომ მოხვიდე და ლექსი წამიკითხო

დიდი ხანია უჯრებში ვცხოვრობ
ფანქრებთან და ქაღალდის წებოსთან ერთად

დიდი ხანია ბაღში ვსეირნობ და იმედი მაქვს რამე გაიღვიძებს ჩემში

არაფერი არ ყოფილა ყველაფერი მოვიგონეთ
და ახლა როცა სითეთრის ზღვართან ვდგავარ
შიგადაშიგ მოდიხარ შენი ცხადი ხელებით
უამრავი ახალი ნივთით

 

***

სად მიეჩქარება მაღალქუსლებიან ქალბატონს
რატომ დგანან შუადღისას გაჩერებებზე ბევრი ბავშვები
რატომ არიან ბავშვები ბედნიერები
რატომ ცდილობენ გოგონები და ბიჭები ლამაზად გამოიყურებოდნენ
რატომ შენდება ამდენი ახალი კორპუსი
ტელევიზორში რატომ აცხადებენ უცხოეთში სწავლის შესახებ
რატომ სხედან კაფეებში და კაფეებიდან სად მიდიან ახალგაზრდები
რატომაა ყველა ტაქსი დაკავებული
რატომ არ იცვლება მთავრობა
რატომ არ იცვლება პატრიარქი
რატომ გდია ძირს ჩემი შეყვარებული
და რატომ აქვს იმედი რომ წამოვაყანებ

თენდება

 

***

სად დამთავრდა ცხოვრება
და დაიწყო ეს გაყინული მდგომარეობა

სიკვდილს გისურვებ შენ შაქარი ხარ
და თეთრ ანგელოზს მიგზავნი

მე ახლა ვდგავარ ქუჩის გასაყარზე
და ცაში ვიხედები
ცაში არაფერია და მე არ მახსოვს სად მივდივარ

სად უნდა ვიცხოვრო რომ ბედნიერი ვიყო
სად უნდა წავიკითხო ლოცვა
საიდან უნდა დამინახოს ღმერთმა

თქვენ რა იცით ქალბატონებო და ბატონებო
თქვენ რა იცით
რა იცით რას ვფიქრობ ასფალტზე დაცემამდე

 

***

ერთი ღერის მოწევისას შეიძლება სამყარო შეცვალო
დაიბრუნო და დაკარგო
სხვა ქვეყანაში გაფრინდე და დაბრუნდე
გახდე ცნობილი მწერალი და გახდე ბომჟი
ერთი ღერის მოწევისას შეიძლება დაბერდე

 

1 2 3 4 5