ყველაზე ხშირად ნანახი

 

ეს დიდი სახლი დაჟანგულ ხომალდს ჰგავს,

ჩემი სახლი,

წინა თაობის სულებიანი –

მარნიდან კარში ჩემ სახელს რომ შემომნატრიან.

დიდი ხომალდი, აფრების და საჭის გარეშე,

დიდ ოკეანეს გამორიყული,

დგას მომლოდინე, რომ გამიშვა,

ქალაქის შესაცნობად, რომ უნდა უსახლკაროს

მევლო ორმოც წელიწადს,

და მხსომებოდა მისი დაფერდებული თაღები,

როგორც ტაძარი,

კუნჭულ-კუნჭულ შემიფარებდა,

დღისით თუ ღამით,

ავ ამინდსა თუ შუადღის ხვატში –

და;

მოვიდა და გადარჩენა ითხოვა,

რა უნდა მექნა,

არც იქეთ ვიყავი და არც აქეთ,

სისხლის უჯრედი გავუყავი.

სული მოითქვა და წავიდა უკანა გზაზე.

დედაჩემი სხივური თერაპიის მერე

ზის ძველ, გასაშლელი მაგიდის თავში,

გამორთული ტელევიზორის წინ,

დილაა, და ახალ ამოსულ თმას ივარცხნის,

სარკიან სავარცხლით,

ვერცხლისფერი თმაა, თივთიკივით.

ეს სავარცხელი წიქარამ დააბრუნა,

უკან გადააგდებ და სიცოცხლე

ამოვა.

 

 

ბათუ დანელიას

 

ზოგჯერ, ყველაფერი კანონზომიერებაა

ზოგჯერ, პირიქით…

გაუკვირდა კეთილისმსურველ, თანამშრომელთა

ერთ გუნდს,

საახალწლო პრემიის გარეშე რომ დამტოვა

ინსპექტირებამ,

განა მე კი არ უნდა გავბრაზებულიყავი,

მინისტრის იმ მოადგილეზე, თვალებს რომ

მიბრიალებდა?!

უნდოდა მასთან დამეჩივლა, ავტუზულიყავი,

მე კი ჯიუტად ვიბრალებდი, რაც იყო და რაც არ…

ჩემი ბრალიც კი არის, ეს საყვედური რომ გამომეცხადა,

ჩემი სიტყვების ბრალი,

მოვიტყუე და გავაცურე ყველა.

მაგრამ, თხილის ამ ერთი სიტყვის გამო,

საახალწლო პრემიას ვინ დაკარგავდა?!

ვინ არ ითხოვდა პატიებას ნიანგის ცრემლებით?!

მე, პაპაჩემის ბუდისტურ ფილოსოფიას მივყვებოდი,

გადაბრალებას სხვა დანარჩენი რომ გვერჩია.

განა პაპამ, არ გააშენა თხილის პლანტაცია?!

თხილის ქოხიც მან აგვიგო,

მოგვცა პატარებს თავშესაფარი, თხილის ტყე,

სადაც უამრავი ზღაპრული ამბავი ხდებოდა,

ახდებოდა.

განა, როცა პაპა აღარ იყო, მისი თხილებით არ გავქონდა

შიმშილის წლები?!

შეშის ღუმელზე დახალული  თხილის გულებით

შიმშილის მოკვლა.

გაყიდული თხილის ფულით სწავლის ქირისა,

ბინის ქირის მოშორება.

აბა, როგორ დავუძვრებოდი სიტყვა-კორექტურას –

„ხილი“ – „თხილი“.

ზუსტად გმირობის დრო მოვიდა,

თხილის მიზეზით,

ახლა პაპას გავუცინებ ხოლმე, ის თვალს ჩამიკრავს,

რა იციან სხვებმა?!

პაპის გულისთვის:

პირველი პირადი სასტიკი საყვედური

პირად საქმეში, სიტყვა „თხილი“

ბავშვობისას გადმოყოლილი.

 

1 2 3 4