სხვა დედებისთვის

 

აი, ეს ზამთრისპირულის სევდა

რა საჭიროა და რა აუცილებელი,

აი, ეს გაბმული მარტოობაც,

სხვების თვალში რომ მამცირებს,

ჰაერივით როგორ მჭირდება –

რომ დამაწერინოს და მიკარნახოს,

ჩემიდან უცხომ დედაჩემის ქოთნის და რაფის

მოშინაურებულ ყვავილებზე,

როცა ისინი

აივნებიდან და დერეფნებიდან, ბუხრისპირული

ვერანდებიდან, ბებიაჩემის ოთახისკენ

ფეხსაიდგამენ და დედაჩემი მიერეკება მათ:

მიყვება ფეხში ფიკუსს, ალოეს,

ყავის ხეს და ნარინჯისფერ ლიმნის ბუჩქს:

უფრო დიდი ბებიის სკივრზე შემოაბრძანებს

უხუცეს კაქტუსს,

მისწევს და მოსწევს ფანჯრის რაფაზე მოყვავილე იებს.

და თან ხმამაღლა ესაუბრება, უჯავრდება,

დაუყვავებს, ხელს გადაუსვამს,

თითქოს მე ვიყო,

თითქოს ჩემი შვილები იყვნენ,

თითქოს თავის სიმარტოვეს კარში ტოვებდეს,

თითქოს თავის გაავებულ ლამაზ ორ ძუძუს,

მოიტყუებს და თავს გადაირჩენს.

ახალწელს, ლამაზ ზამთრის მწვანე ორანჟერიას,

ეცოდინება უკვდავების თეთრი ზღაპარი,

ჩემთვის კი ახლა მთავარია პირი მოვკუმო,

ზედა ბაგეს  კბილის მოჭერით ქვედა ტუჩი მივაწებო,

ჩემი სიჩუმით ეს მყვირალა სიწითლე მოვიშუშო,

და გავიღიმო.

 

ხავსის მაქმანი

Never Ending Peace And Love. ბაბა

 

გამოდებული ვარ ცასა და მიწას, ამასთან ერთად

სიყვარულის გაქრობის გახლავართ ჯადოქარი…

არა, ოჰ, არა მორჩენისა, დაამების, ანაც დრამების,

პირიქით – გაქრობის.

როგორც ცირკის კლოუნი, ბაც, ბაც,

საახალწლო ნომერი –

სიყვარულის გაქრობა ერთი ხელის მოსმით.

გულძმარვაა ერთად ჰაერის შესუნთქვა –

მაინც რა საუცხოო ამბავი გამოცხვა.

მე ვითომ შენთვის დავიბადე და გადაგედე

სისხლნაკლებობად.

დეკემბრის ჩუმმა გათენებამ როგორ

ფრთხილად შემოიხედა გადახსნილ

ფარდების ხავერდის ღიობიდან –

ერთად თენდებოდა – ვითომ.

და ვინმე თუ მოვა, ფრინველივით აფართხალებული გულით,

მაშინ, ფეხისწვერებზე დავდგები, და არა ყირაზე,

ხელებს მოვხვევ, მის ზურგს უკან გადავიხედავ,

რადგან ყველა ბიჭს, თან აფრასავით მოყვება

ერთი გოგო,

ერთი გულისწყვეტა დაშვებული იალქანივით.

არც ერთ მომაკვდავზე ფეხით არ შევდგები,

თუნდაც ფეხისწვერებით, მით უმეტეს ახლად

ხელახლად დაბადებული.

შენ მაინც,

მოგქონდა ხელისგულებით უმძრახის წყალი

და მე პირში ჩავიგუბე,

დაე, ეს სნეულება იყოს ბოლოსი.

სადღაც,

უღრან ტყეში კი მაღალ ხეების კენწეროებს,

ჩემზე დიდი ჯადოქარი, მაქმანებივით უგრძელებს კვირტებს,

გამხმარ მერქანს,

რბილ ხავსებით რთავს.

 

1 2 3 4