თუ

 

თუ, თუ
საახალწლო პრემია ან ჯილდო
არ იქნება –
წახალისება რაღა საჭიროა
500 საჯარო ანგარიში გამოქვეყნებულია
და
27 მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი –
თუ თუ თუ
თქვი:
წინასაახალწლოდ მშრალი ხიდის ბაზრობაზე
მოხუც და ნაღდ თბილისელებთან გაისერნე მტკვარზე,
ჭადრებთან
და მათი ქორწინების საჩუქრები – ფერადი თავშლები
სამ სამ ლარად,
ფაიფურის მსხვრევადი თოჯინები ხუთ ხუთ ლარად,
იაპონური ნარდი ან ვერცხლის პორტსიგარი
აქ, თითქმის თბილისის წარსულია ხელისგულზე
გაფენილი – ბევრი ომითა და ბევრი სიყვარულით,
არ შეგეშინდეს.
ნახე, როგორ მოუზიდიათ გაძარცული ხატების ჩარჩოები,
ან დანგრეული მთის სოფლების მიტოვებული სახლებიდან
თუნგები და საჩეჩელები –
აქ ბევრია, რაც შეგაშფოთებს.
თუ თუ თუ
ანჩისხატის ზარის ხმა გესმის,
და ერთ ნაბიჯზეა
შენი ვნებაც და შენი მარხვაც –
ყველაფერი დაბრუნებას ექვემდებარება…

 

 

 

 

დიღმის მასივის ლიფტის იესოვ

 

გაჩერებიდან, ეზოდან, სადარბაზოდან

მინდა შევასწრო ათ თეთრიან ლიფტში ამ ქალაქს,

ამ მასივს, ამ სამმართველოს,

და მოვასწრო რკინის ყულაბაში ოცთეთრიანის ჩაგდება,

ან ათთეთრიანისა რომ ზევით ამიყვანოს,

ზევით სახლისკენ, ნაქირავები ცივი ბინისკენ.

…და ერთ უცნაურ დილას, იქ გაჩნდა ნაზარეველი,

ტურინის სუდარიდან, მუხის გამხმარი

თხელი ფოთლით… მე გავუღიმე, ძველ ნაცნობს რომ

გადააწყდები მეგაპოლისში. ასე.

მეორე დილას, ღვთისმშობლის პატარა ხატი,

ხელში ყრმით და მესამე ხელით,

ნაძვის მწვანე პატარა გირჩიც მოეყოლებინათ,

შესაწირის ყუთიც. მხოლოდ სამ დღეს იქნებაო,

მხოლოდ სამ დღეს, ეს ყუთიო, ეწერა ხელრთვით.

დიღმის მასივის ლიფტის იესოვ, მე გახარებ ჩემ თავს, დილაობით

მოგიყვები ჩემს ვერ ახდენილ სიზმრებზე,

ერთფეროვნების ფერადოვნებას.

და ალბათ, მალე წვიმების სეზონი შეცვლის ამ

მშრალ ყინვებს, გამოიღვიძებენ კვირტები ხეებზე,

აღდგომა მალე ჩამოდგება, მეც ვისწავლი ლიფტში პირჯვრისწერას,

შესაწირში ხუთ თეთრად გამოვისყიდი ცოდვებს,

გარეთ პირველსავე ნაბიჯზე ცას ავხედავ და ფრინველივით,

მადლობას ამოგძახებ… ქვემოდან. ოღონდ, მანამდე შობაა და შენ

მიპასუხე,

როცა ჩემი მეზობელი

ობოლი ლუკა, შემოვიდა,

როცა ის სამმართველოს გამომძიებელმა ქალმა

შეაშინა, ციხის კედლებით,

როცა ის შენ გააცილე მეცხრე სართულამდე,

და როცა ყველაზე ლამაზ ხესთან დასკუპდა,

ყვითელთან და მზესავით ნათელთან,

უცბად ფეხი როცა აუცურდა

და ფრენა ვერ შეძლო, მიწას რატომ არ ააცილე?!

დიღმის მასივის ლიფტის იესოვ,

განა მამასთან დაბრუნება,

მხოლოდ ჯვარცმის გავლით ხერხდება?!

 

1 2 3 4