პოეზია 

 

ყოველთვის, როცა ერთმანეთს ვხვებოდით,

შენ გეჭირა ხელში აყვავებული მომავალი,

გეჭირა ყვითელ ვარდებად და იცინოდი.

ყოველთვის, როცა ვხვდებოდით,

მე მეჭირა ხელში წარსულით სავსე ჩანთა

და დაკარგულ დროს სინანულით ვახარისხებდი.

შენი სიცილი და ჩემი დაკარგული დრო

უცნაურად კვეთავდნენ ერთმანეთს,

შენს სიცილს და ჩემს დროს

ერთმანეთი უგონოდ უყვარდათ

და ხელებზე ხან ვარდების,

ხანაც წარსულის ეკლები ეზრდებოდათ.

სიტყვები კი ამ ეკლებიდან ბღაოდნენ,

ამ ეკლებიდან ეპასუხებოდნენ მურდალ ცხოვრებას

და ღმერთისაკენ გულუბრყვილოდ იზიდებოდნენ.

ყოველთვის, როცა ვხვდებოდით, მე მახსოვდა,

რომ ჩანთაში უკვე დაწერილი ბედისწერა მედო,

რომელსაც ვერაფრით შევცვლიდი,

რაც არ უნდა დამეხარისხებინა წარსულის ქაოსი,

რაც არ უნდა ხშირად შევფარებოდი პოეზიას და

ეკლებიდან ცხელი ლექსი გამომეწოვა.

შენ შენი წილი ლექსები გეზრდებოდა თითებზე,_

რომელთაც ვარდები ეკავათ,

მე ჩემი წილი ქაოსიდან ვემსახურებოდი პოეზიას.

 

 

1 2 3 4