სიყვარული, სიტყვები და სიჯიუტე

 

მთავარი მაინც ეს  დაუსრულებელი სიყვარულია,

ხელებიდან ამოზრდილი, გულიდან ამოზრდილი,

ბავშვობიდან ამოზრდილი, დიდობიდან ამოზრდილი,

ვერდაპატარავებული, ვერგაზრდილი,

ვერდავიწყებული სიყვარული.

დრო გადის და სიყვარული ჩემგან არ გადის.

-ვერძის თვისებაა -მეუბნება მეგობარი-

ასე ფეხმოუცვლელად იდგე,

ასე მთასავით იდგე და კლდესავით კაცი გიყვარდეს,

რომელიც ხანდახან გულმკერდიდან

ნაწილებს იგლეჯს და ქვებად გესვრის,

შენ კი იმ ქვების შეგებებაში იზრები,

იმ ტკივილებში იზრდები,

მომლოდინე მიწა ხარ და ქვები გჭირდება!

წარმოიდგენ, თითქოს მთა ხარ,

საყვარელ კლდის მოპირდაპირედ მდგომი,

დგახარ და ელი შენს სასჯელს,

დგახარ და გიყვარს

წვიმის  სიგიჟეში აყვავებული სიტყვები,

რომლებიც ხმაურით დაგდიან ბეჭებზე,

რომლებიც ხმაურით გიკოცნიან მუხლებს

და ხმაურით გაბრუნებენ დაკარგულ თავთან.

თავსაც სიტყვებივით ძლიერად გრძნობ.

სიტყვებივით ფურცლისკენ მიელალები მარტოობას და

ქვის მსგავსი სიტყვებით აწიოკებ ყოველ ჯერზე

მთის კალთას შეფარებულ საკუთარ სიჯიუტეს.

 

 

1 2 3 4