ამბავი მძიმეებით
ჩაიარა ამ ამბავმა.თავი ავწიე
თავი, რომელიც მანამდე ამბავში მქონდა ჩარგული.
ჯერ თვალები გამიფართოვდა,
მერე ის თვალები ჰორიზონტს გავუსწორე,
მერე ჩემს ცხვირწინ შემოხაზულ წრეს შევხედე,
რომელშიც მეგობრები ცეკვავდნენ.
ყველა მეგობარს შეესწავლა ცხოვრების ცეკვა,
ყველამ იცოდა,
სად და როდის გადაედგა ფრთხილი ნაბიჯი,
მიცინოდნენ,მესალმებოდნენ
მეგობრები რომელთაც ერთ დროს
წრეში ერთი წამითაც კი ვერ შეაგდებდი!
მე კი ვიდექი მსუბუქი და მძიმე ჩემი თავისუფლებით,
მსუბუქი და მძიმე ჩემი ისტორიებით, ჩემი ამბებით
და ყურის ბიბილოებზე დაკიდებული მძიმეებით,
რომლებიც ერთი შეხედვით
ბრჭყვიალა საყურეებს ჰგავდნენ.
ვიდექი და თავაწეული ვფიქრობდი ამბავზე,
რომელმაც შემიყოლია და ცხოვრებას ამაცდინა,
რომელიც დიდხანს ვერ დავამთავრე,
რომელიც მოკლე ისტორიებად და
შიგადაშიგ დასმულ მძიმეებად ვაქციე და
მერე ეს მძიმეები ყურის ბიბილოებზე
ბრჭყვიალა საყურეებივით ჩამოვიკიდე.