თანამედროვე ქართულ კინოში, და პრინციპში მთლიანად სახელოვნებო სივრცეში, პროვოკაციის ფენომენი არ არსებობს. პროვოკაციას ვგულისხმობ იმ შინაარსით, რომელიც ელიტურ ესტაბლიშმენტს, ან არსებულ სტატუს კვოს უპირისპირდება, არა ვულგარული ფორმით და თავდასხმის მიზნით, არამედ კონკრეტულ საკითხზე რეფლექსიის კუთხით. ჩვენთან არსებობს მხოლოდ პროვოკაცია პროვოკაციისათვის, ან იაფფასიანი ეპატაჟი, რომელიც, საბოლოოდ, არა შემოქმედებითი ამოცანების გადასაჭრელად, არამედ ავტორისადმი ყურადღების მისაქცევად ხორციელდება. ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“, ჩემთვის პროვოკაციის იდეალურ ნიმუშს წარმოადგენს. რამდენადაც შეიძლება სურათის მიზანი თუ რეჟისორის ჩანაფიქრი სრულად არ მოიაზრებდეს საკუთარ თავში პროვოკაციულობას, სიუჟეტური განვითარებიდან გამომდინარე, მას ძალაუნებურად ასეთი ხასიათი ეძლევა. თანამედროვე ქართული ხელოვნება სავსეა ტრადიციაზე თუ რელიგიაზე თავდასხმითი ფორმის ნარატივებით და ძალიან იშვიათად ეხმიანება რეალურ, ყოველდღიურობაში არსებულ პრობლემებს და უფრო მეტად თვითეგზოტიკაციით, თვითვიქტიმიზაციით, დასავლური პრესის და საფესტივალო სივრცის, ლიბერალური ელიტების გულის მოსაგები სენტიმენტებითაა გაჯერებული. „ნამე“ ყველაფერი ამის საპირისპიროა და ალბათ ამ საუკუნის ერთადერთი ეროვნული კინონაწარმია, რომელიც შეგვიძლია, კინემატოგრაფის ოქროს ფონდს მივაკუთვნოთ.

ფილმის პირველივე კადრი სტატიკური სცენაა ნაკადულის აღწერით. ირგვლივ მხოლოდ წყლის ჩუხჩუხი გაისმის და რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ ამას ვხედავთ. ნელ-ნელა წყალი იმღვრევა – უცნობი, არაორგანული სუბსტანცია აბინძურებს მას. ამის შემდეგ „ნამეს“ სიუჟეტი ნეომითოსივით ვითარდება: მაღალმთიანი აჭარის სოფელში არის სახლი, სადაც უკვდავი თევზი, სასწაულმოქმედი წყალი და ცეცხლის ღვთიური გარდამოსვლა ფიქსირდება. სახლში მამა და მისი ქალიშილი ნამე ცხოვრობენ. მათი ცხოვრება დაცლილია სამომხმარებლო ვნებებისგან და თითქოს მხოლოდ რიტუალური დატვირთვა გააჩნია. მათი ცხოვრების მიზანი არის ის, რომ  წყალმა მკურნალი ბუნება შეინარჩუნოს, თევზი არ მოკვდეს და რიტუალური აქტის დროს მეტაფიზიკური ცეცხლი აინთოს.

 

1 2 3 4