პარალელურად ვხედავთ, რომ ბუნებრივი გარემო მოდიფიკაციას განიცდის. სოფელში ინდუსტრიალიზაცია იწყება. რეჟისორი ბინარულ ხასიათს და სტრუქტურას აძლევს სურათს. გვიჩვენებს მაღლობის ცხოვრებას, სადაც მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი ყოველდღიურობაა, მაშინაც კი, როდესაც სასწაულებრივი მოვლენის მოწმე ხდება მოსახლეობა – უსულოდ მყოფ ადამიანს შუბლზე წყლის პკურებით კურნავენ. დაბლობში, სადაც სამშენებლო სამუშაოებია დაწყებული, ხმაურია, ენერგიული რიტმი და მშფოთვარე მოძრაობაა. ნამე კი ამ ბინარობაშია გაჭედილი, ერთი მხრივ, მას აკისრია ვალდებულება, შეინარჩუნოს საოჯახო ტრადიციები და რიტუალები, მეორე მხრივ, გული მიუწევს სიახლისაკენ, სამომხმარებლო ნივთებისკენ, ხორციელი ვნებებისაკენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნამეს სამი ძმა ჰყავს, რომლებმაც მიატოვეს სახლი და უარი თქვეს ოჯახური ვალდებულების ტვირთზე. ერთი ქრისტიანი მღვდელი გახდა, მეორე მუსულმანი, მესამე კი – მეცნიერი. თუმცა რეალურად მათი არჩეული გზა ნაკლებპროდუქტიულია, რადგან არც ერთის და არც მეორის მრევლი არსად ჩანს, მესამეს, მეცნიერს კი ერთადერთი მოსწავლე უზის გაკვეთილზე. სამივე მათგანი საზოგადოების სამსახურშია, მაგრამ მამისეულ საქმესთან შედარებით, გაცილებით დაბალი ეფექტურობით. აქ რეჟისორი იდეალურ ბალანსს ინარჩუნებს და არ აჩენს კონფესიათა დაპირისპირებას, არ ქმნის კონფლიქტს რაციონალურსა და ირაციონალურს შორის. უფრო ყურადსაღები ის კულტურული წნეხია, რომელიც ოჯახში ქალის მიმართ განხორციელდა. ძმებმა მარტივად აირჩიეს ცხოვრებისეული გზა, ნამეს კი ერთგვარი მარტვილის ფუნქციის შეთავსება უწევს, პირადი ინტერესების გადავადება, რადგან ისიც რომ წავიდეს, რიტუალი განადგურდება, ტრადიცია გაქრება.

როგორია ტრადიციული საზოგადოება?   არსებობს კლასი, რომელზეც მიბმულია ადამიანი და რომელიც მას ახვედრებს გამზადებულ ადგილს საზოგადოებაში. კალკულირებულია როლები, სად შეიძლება ისწავლო, იმუშაო და ა. შ. თანამედროვე საზოგადოებაში თავად გიწევს გამონახო შენი ადგილი, აირჩიო, რომელ რელიგიას მისდიო, რა პროფესიით იმუშაო და ა.შ. მთავარი კონფლიქტი სწორედ აქ ფიქსირდება. როდესაც ხდება ტრადიციული აგრიკულტურული საზოგადოების ურბანულ ინდუსტრიულ ეკონომიკაზე მორგება, იშლება საერთოობის განცდა და მის ადგილს იკავებს ინდივიდუალისტური ეთიკა. არადა ხალხი რიტუალებით შეიმუშავებს იმ მახასიათებლებს და ღირებულებებს, რაც მათ უნიკალურს ხდის. ისინი რიტუალებით უკავშირდებიან მნიშვნელოვან იდეებს, პოულობენ სიმშვიდეს, ეუფლებათ განცდა, რომ რაღაც დიადს შეეხნენ. ამ ყველაფრის გაქრობა კი სერიოზულ ეგზისტენციალურ ტვირთს ჰკიდებს ადამიანს.

ლიბერალური დოქტრინები გვეუბნებიან, რომ საზოგადოებას მეტი თავისუფლება და ნაკლები სოციალური ნორმა სჭირდება – არავინ უნდა გიკარნახოს, როგორ მოიქცე და რა აკეთო, რა ჩაიცვა და სად წახვიდე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს კაცი და სხეულის რომელი ნაწილი არ უნდა უჩანდეს ქალს. კაპიტალისტურ ეკონომიკაში სოციალური ნორმები ირყევა. საზოგადოება სულ უფრო მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ხდება, საერთოობის განცდა იკარგება. თანამედროვე საზოგადოებაში გვასწავლიან, რომ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც გაგვიხარდება, ცხოვრების ის გზა ავირჩიოთ, რომელიც თავად გვსურს. კი, რასაკვირველია, ასეთი მიდგომა მეგობრულად ჟღერს, მაგრამ მისი ქვეტექსტი იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად საზოგადოებას საერთოდ არ ადარდებს ინდივიდი და ეგზისტენციალურ საკითხებზე სანუგეშო პასუხები არ გააჩნია.

 

1 2 3 4