„ნამეს“ დასასრული ტრიუმფალური პროვოკაციაა, მასში არ არის კონფორმიზი და პათეტიკა, ის არაა შექმნილი კონკრეტული ფოკუს ჯგუფების მოსახიბლად ან გასაღიზიანებლად. ზაზა ხალვაში ჰუმანისტური ბუნების ნაწარმოებს ქმნის, რომელიც დღევანდელობაში არსებულ ეგზისტენციალურ და სოციალურ პრობლემებზე ახდენს რეფლექსიას. ამასთან ეს პირველი შემთხვევაა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც ქართული ფილმი ცდილობს ვიზუალური ნარატივის შენებას. ოპერატორული ნამუშევარი საოცრად ატმოსფერული და ლამაზია, ოღონდ ეს არ გახლავთ მარტივი ბუნების აღმწერი კადრებით მიღებული სილამაზე, როგორც საიმიჯო კლიპებში ხდება ხოლმე. ოპერატორი გიორგი შველიძე ხატოვან კომპოზიციებს დგამს, ზოგჯერ საოცრად სტერილური იმიჯებით, რომელიც სრულიად მოულოდნელად, იაპონური ფერწერული ტილოსავით მრავლისმთქმელი და ეროტიულია. ერთ-ერთ სტატიკურ კადრში მოქცეულ პანორამულ სცენაში, იდეალურად ხდება ფილმის მთლიანი ლაითმოტივის გადმოცემა, როდესაც გვიჩვენებენ დაბლობის და მაღლობის დიქოტომიას, ბუნების და ინდუსტრიალიზმის ჭიდილს, ხმაურის და ჰარმონიის შეპირისპირებას და ბუნებრივი განათების ბრწყინვალე გამოყენებით, აქტიურ, მაგრამ უსიცოცხლო რკინისა და ბეტონის მშენებლობას შავ ტონალობაში ვხედავთ, ხოლო გამწვანებული ბუნების ჰარმონიულ ნაწილს – მზით განათებულს.

 

ამასთან, მსახიობების თამაში წამით არ იწვევს სიყალბის და ხელოვნურობის შეგრძნებას, რაც უკვე წარმოუდგენელი ფუფუნება გახდა ქართული კინოსათვის. ყოველი მოქმედი გმირი, ისევე, როგორც ფილმის ტემპი, მშვიდი, ავთენტური და მაქსიმალურად რეალისტურია. სურათში ბევრი დიალოგი არ შეგხვდებათ, რაც მისი მედიტაციური ბუნებიდან გამომდინარე აუცილებელიცაა, თუმცა ყველა კომუნიკაცია პერსონაჟებს შორის გულახდილი, ძალდაუტანებელი და კონტექსტის მიხედვით ნაწარმოებია, ყოველ ინტერაქციას თავისი მოტივაცია და შედეგი გააჩნია და დამატებითი პოეტური განზომილების მისაღებად გამოიყენება და არა სიუჟტური ქვეტექსტების ახსნა-განმარტებითი ფუნქციით. მოკლედ, რეჟისორმა შეძლო ის, რისთვისაც მგონი, არც არასოდეს მიუღწევია თანამედროვე ქართულ კინოს – „ნამე“ ახერხებს,  თანამედროვე საზოგადოების და ეკონომიკური მოდელის მიერ დაბინძურებულ წყლებში ისე შეცუროს, რომ ნაპირზე კრისტალურად სუფთა გამოვიდეს.

 

 

 

1 2 3 4