საპირისპიროდ, ნუგეშის გაცემას რელიგია ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო ნაკლებ დამაჯერებელი ხდება მისი მოძღვრება. არსებულზე უკეთესი ცხოვრების დაპირება და კომუნალურობის შეგრძნება, იმის, რომ ყველანი არა განსხვავებულები და უცხონი, არამედ მსგავსნი და უახლოესნი ვართ,  ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. კაპიტალიზმს არ უწარმოებია მსგავსი რამ, არ შეუქმნია არაფერი, რაც რელიგიას ჩაანაცვლებდა, რითიც საზოგადოებას გააერთიანებდა და იმედის და სიმშვიდის პერსპექტივას შეუქმნიდა, შეაგრძნობინებდა, რომ ყოველი  ადამიანი რაღაც დიადის, საკუთარ თავზე მნიშვნელოვანის ნაწილია.

ამ დიქოტომიაში რიტუალის გაქრობა ტრაგიკულ მოცემულობად მოგვეწოდება, რადგან მასთან ერთად ქრება ნუგეშისცემის მექანიზმიც, რომელსაც  კონკურენციაზე მორგებული ურთიერთობები ანაცვლებს და რაც ზრდის გაუცხოების დონეს საზოგადოებაში. ნამე ამ ყველაფერს კარგად იაზრებს, თუმცა მარტვილად დარჩენის სურვილი აღარ აქვს, რადგან სხვა ჰორიზონტების ათვისება სურს, სხვა გრძნობითი და გეოგრაფიული სივრცეების მონახულების ვნება უჩნდება, რასაც მამისეულ სახლში დარჩენის შემთხვევაში ვერ განახორციელებს. სწორედ ამიტომ, მისი საბოლოო ქმედება – ეზოსეული ჭიდან თევზის  ზღვაში გაშვება  დესტრუქცია კი არა, ქველმოქმედებაა. რეჟისორი მას ბოლომდე უნარჩუნებს უმანკოების ნიშანს, რითაც ახდენს როგორც პიროვნების, ასევე მისი არჩევანის საკრალიზაციას. თევზი, როგორც ქრისტიანული სიმბოლო და ერთგვარი რწმენის ტოტემი, კერძო კუთვნილებიდან საჯაროში გადადის. სახლი, როგორც ტაძარი, კარგავს ფუნქციას. თევზი, როგორც ღმერთის სიმბოლო, თავისუფლდება და მისი მოძიება ყველასთვის შესაძლებელი ხდება. ფილმის საფინალო კადრი მშენებლობის ხედია, რომელსც განგაშისებური ხმაური ახლავს, ის, რასაც პროგრესის იდეით შეფუთულს გვაწვდიან, სულიერებას ბილწავს – წყალი, რომელშიც თევზი ბინადრობს ბინძუდება. ხილული სასწაული ხილვადობას კარგავს, რადგან რწმენის ფუნქციაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე იქნას მიღებული.

 

1 2 3 4