***

ქავთარაძის 21

გაღიმებულ ღვთისმშობელს ნაწნავებიანს

ცარიელ ვაგონში ვხვდები

შალვა ბაკურაძე

 

მთელი ღამის მშიერი ახლა ისე ვარ

შიგნიდან მუცელს რომ გიხრის

შიმშილი და თითქოს ქარით ივსება

სარკმელი ქაჯეთის ციხის

 

ვუმზერ და მოველი ქავთარაძიდან

მხსნელების მძლეთამძლე ლაშქარს

არ ჩანან ო ღმერთო გული დამძიმდა

უთუოდ მოწიეს გაშკა

 

და სანამ ნემსი ან აბი მომიწევს

მოვლენ და მიხსნიან მჯერა

ჯერ ისევ მორჩილად ვწევარ ლოგინზე

გავყურებ ევექსის მწვერვალს

 

იქ ერთი გოგოა მე რომ ვუყვარდი

და ცისფერ ხალათში დადის

კვლავ მაგიდაზე დგას მისი სურათი

მისი და ღვთისმშობლის ხატი

 

ინათა მჯერა რომ მალე მიხსნიან

და თეთრი მანქანით მოვლენ

ამდენი სიგიჟე საკმარისია

ზმანება იისფერ თოვლის

 

შემოდის ექიმი და ეღიმება

მე მხოლოდ საათი ვკითხე

მან ხომ ჯერ არ იცის რომ აიღებენ

ამაღამ ქაჯეთის ციხეს

 

 

***

ნუ დამირეკავ, დედი,

დედი, ნუ დამირეკავ!”

ხარანაული

*

იმ ყველაზე უბედური შვილის

დაბრუნებამ გაახარა მამა.

მოგიხდება დაღლილსა და მშიერს –

ძილი, მერე გემრიელად ჭამა,

უთხრა. შვილმა მიაშურა ოთახს.

მიიხურა კარიცა და გულიც.

მხოლოდ ერთი საფიქრალი ჰქონდა –

იხსენებდა უკანასკნელ სურვილს.

არ იცოდა არაფერი კაცმა,

ალუჩებით მორთულია ეზო.

რა იცოდა, შვილს ყველაფრის ნაცვლად

ჭირდებოდა ხუთი აბი ბენზო.

რა იცოდა, შვილს რომ აგერ წლები,

არ უნახავს ცისარტყელა უკვე.

რა იციან, რომ შვილებიც ძლებენ,

რომ შვილებიც იზოგავენ ლუკმებს.

რა იციან, პალატებში წოლით

რომ მიწისფრად ეღებებათ სახე

და ყვირიან ვინც არასდროს მოვლენ,

სწორედ იმათ დაუვიწყარ სახელს.

შეეჩვია ღამე მარტო ტირილს,

რომ ვერავინ ვერ მოუტანს წამალს.

იმ ყველაზე უბედური შვილის

დაბრუნებამ გაახარა მამა.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5