დიანა ვაჩნაძეს
“კარგი, მოგიმზადებ სადილს”
თანახმა ვარ, მომიმზადე საუზმე.
ჩამიწურე ცხელ ჩაიში ლიმონი.
წამიყვანე მერე სადმე აუზზე.
გაგაღმერთებ, არ გეგონოს, გიმონებ.
თანახმა ვარ, მომიმზადე წვნიანი.
გამირეცხე გაცვეთილი ზმანები.
თანახმა ვარ, იყოს ძალზედ გვიანი,
აფთიაქშიც თუკი გამეგზავნები.
თანახმა ვარ, დამირეცხე ჭურჭელი.
ჩამოხსენი, გინდაც, აბლაბუდები.
აღარ ვიცი, დაღლილი და უჭმელი
ამ ცარიელ სახლში რისთვის ვბრუნდები.
***
არც არაფერი დილაადრიან
ვზივარ და ვუსმენ ხუთ ცალ შადრევანს
და ვიღაც კაცი მტრედებს აპურებს
დღეს არაფერი არ მინატრია
ვუყურებ ბავშვებს ველოსიპედებს
და ლამის შევძლო აღქმა სიკეთის
არ მინდა ახლა ვინმე მოვიდეს
არ მინდა ახლა ვინმე მისმენდეს
ვინმე მიმიხვდეს რატომ დავმშვიდდი
ვინმემ დამტყუოს ჩემი სიმშვიდე
ეს ალბათ გზაა უნდა მოკვდე და
მაინც გამოძვრე მისი შიშიდან
არ ვიცი რატომ არ მქენჯნის ახლა
სინდისი მისი სულმთლად დაკარგვა
დღეს ალბათ ისეთს ვერავის ვნახავ
რომ გავუმხილო როგორ კარგად ვარ
***
და როცა წავალ ფრთებიც მექნება
სადმე ტყის გულში იქნება კვირა
რა უნდა გითხრათ ჩემმა ლექსებმა
და მე ბავშვივით დავიწყებ ტირილს
მოიტანს ვინმე სანთელს და ასანთს
მე გავიხსენებ ბოლო ყლუპ ყავას
და ამ ყველაფრის ჯინად თუ ფასად
ტალახიანი თოვლივით წავალ