ინას

 

რა შეიცვალა ამ ახალი ოცნების მერე

რა გამოსწორდა სად მივყავარ ახალ იმედებს

ჰო არაფერი მაგრამ მაინც ბავშვივით მჯერა

ვისწავლი ვიყო ბედნიერი თუნდაც მცირედით

 

შენ გამოხვედი ლურჯი დღიდან როგორც ანგელოზს

ჩემი ხელები აუხდენელ ცაში გიჭირავს

როგორმე უნდა გამოვიდე ჩემი ნიჭიდან

უჭრილობებოდ და უნაკეროდ

 

რა შეიცვალა რა გამოხდა რამ გამაბრუა

იყო სიცოცხლე და სიცოცხლის მკაცრი სიმშვიდე

და მე ვიყრიდი სიცოცხლეში როგორც საფუარს

სიკვდილს და ჩემი მეგობრებიც ვეღარ მიშლიდნენ

 

ჩიტები მაინც ჭიკჭიკებენ ნერვებს მიშლიან

ეს ყველაფერი ისე ხდება როგორც სიზმარი

და რომ მოვკვდები რას შეცვლიან რაღას იზამენ

ბედნიერებაც უმისობაც მხოლოდ შიშია

 

არ დაივიწყო არაფერი მხოლოდ წარსული

მომავალს ბევრი არაფერი აღარ უკლია

მე მხოლოდ რაღაც როლს ვთამაშობ ისე ვასრულებ

როგორც მკარნახობს ცხოვრება ვის არ გაუყრია

 

ხელში ჩანგალი ანდა დანა როგორც სიყალბის

გამოვლინება როგორც სევდის ბოლო ნუგეში

მე გული მქონდა ახლა ქვა მაქვს წყლიან უბეში

და შეგამჩნიე გეშინოდა მაგრამ გიყვარდი

 

მხოლოდ ქუდი და ჩანთა დამრჩა ძველი ნივთებით

ვერთობი ახლაც შენ რომ იტყვი ისე ყალბი ვარ

ყველაფრისგან და ყველასაგან ისე გავრბივარ

სულ ცოტა ხანში გამოვირთვები

 

როგორც შენ იტყვი მეგობარო ზოგჯერ ცხელებით

ზოგჯერ სიცივით ზოგჯერ ანტიდეპრესანტებით

მე შორს ვარ შორს ვარ და ძალიან მომენატრები

რაც უნდა მოხდეს სულ გახსოვდეს ჩემი ხელები

 

 

 

 

 

1 2 3 4 5