*

როცა ის მიდის მე ვუყურებ კიბერ კალათბურთს

ანუ როდესაც ჩვენ ვამთავრებთ კიბერ სიყვარულს

ანუ როდესაც ვშორდებით და აღარ ვკამათობთ

ვცდილობ რაღაცა ისე ძლიერ არ გავიხარო

რომ გარეთ დგომამ დრო წამართვას წყალი დანაყოს

გთხოვ სულ გახსოვდეს როგორ გითხარი

ბედნიერი ვარ რომც გახსოვდეს არ დამანახო

 

 

*

არავითარი პოეზია მხოლოდ ბურთების

სროლები მხოლოდ სიმჩატე და მისი დამალვა

და ამ ყველაფერს ხან მთელი დღე ისე ვუნდები

ვრჩები ოთახში წინ ყვითელი კედლის ამარა

შენ გგონია რომ კალათბურთის რამე გუნდები

ან მოთამაშე ვიცი ერთი მაინც უბრალოდ

ვუყურებ მერე არაფერი თანახმა ვარ რომ

თავი ძილღვილს გადავუბარო

 

 

*

რამდენი ღამე გაიფანტა რამდენი დილა

მე ახლა ყველა მესიტყვეზე ბანალური ვარ

მჭირდება რაღაც უსასრულო უხალხო ჩრდილი

და ღმერთთან მივალ საბოლოოდ სადმე თუ მივალ

არ დაგაეჭვოს ამ დუმილმა რომ ამ დუმილმა

გაუძლო მწარე და უფრო კი მხიარულ ტკივილს

ვუყურებ სურათს შინდისფერ ქუდს საბჭოს მოედანს

სადაც ვიქეცი ნაძირალად მერე პოეტად

 

 

*

აგედევნები ქუჩაში და თვალს გაგაყოლებ

ჩემი თვალები გაზარმაცდნენ ბოლო წელია

ვიღაცის ყოლა თან არყოლა ისე ძნელია

ჩვენ ავირჩიეთ საბოლოოდ მაინც არყოლა

და მე არ ვიცი სად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში

ჩემი ხელები მუდამ გელიან

 

 

 

*

 

როცა ის მიდის მე ვუყურებ კიბერ კალათბურთს

ვცდილობ უბრალოდ რამე იყოს რამემ გამართოს

და მეშინია ერთ უბრალო დღესაც კედელმა

არ შემიძულოს ან მკაცრად არ გამასამართლოს

ამ სიჩუმისთვის გუშინ გზაში გზა ამედევნა

როდესაც სადღაც მივდიოდი უმისამართოდ

და ვიღაც კაცის შემეშინდა კაცის თუ ქალის

არ მახსოვს მაშინ არ მქონია გარჩევის ძალა

გამოვერიდე არ დავუწყე აღარც კამათი

თვალი ჭიშკრამდე გამაყოლა კაცმა თუ ქალმა

 

 

 

*

 

მერე შევედი ჩემ ოთახში და სავარძლისკენ

წავედი სადაც დავჯდებოდი დავიჯერებდი

წინ მიდგას ვისკით სავსე ბოთლი და მერე ვისკი

ჩავცალე თითქოს მოვითენთე ჩემ თეთრ ჭერამდე

ისე შორია ორი შაკო ბაკურაძეც კი

გაიმართება და იმღერებს თეთრი ჭერიდან

და გამუდმებით ჩემს გრძელ თოკზე არის სარეცხი

წარმოვიდგინე თითქოს თოკი გადავჭერი და

მეზობლებს თავზე დაეყარათ ჩემი შორტები

როცა ის მიდის და როდესაც მშვიდად ვშორდებით

სიჩუმე მინდა არაფერი სიჩუმე მინდა

 

 

 

 

1 2 3 4 5