* * * *

 

რომ გგონია, თითქოს სრულიად უცხო გარემოში ხარ და ამავე დროს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ რაღაცას ძალიან ნაცნობს, ძალიან ახლობელს, არადა ვერ იაზრებ რას, ან არ გცალია გასააზრებლად, ან ამის თავი არ გაქვს, და უცებ ხვდები, რომ აქაური მოხუცები ძალიან გვანან ჩვენსას, მათ, ვინც მინახავს, ვისაც ჩვენთან შევხვედრივარ. რა თქმა უნდა, ასეთი მოვლილები არ არიან, კაი ხანი ვერც იქნებიან, მაგრამ მაინც. რაღაცნაირად ძალიან გვანან, ვინ არ მახსენდება მათ შემყურეს. აი, ბარში ბერიკაცი შემოდის, ლამის ავხტე და წამოვიყვირო, ისე ჰგავს ალიოშა ბაბუას (ბაბუაჩემის ძმას) ლურჯი, ცოცხალი თვალებით, თეთრი პრიალა სახით, ნაკვთებით, სიარულითაც კი.. მამჩნევს, ასე გაოცებული რომ ვუყურებ, მიღიმის, მესალმება, ერთ ჭიქა წითელ ღვინოს იღებს და სადღაც კუთხეში ჯდება. ეგ კიდე არაფერი, აი, ალიოშა ბაბუა გამახსენაო… წამის მეათასედში შემოვირბინე მთელი ჩვენი სათიბები, ახოები, საძოვრები….მაინც რა კარგია სიცოცხლე, თუნდაც ძაღლური.

 

 

****

 

არის რაღაც ტკბობის წუთები ლექსის ზეპირად წერაში, როცა რაღაც კარგს აგნებ და კაი ხანი ამწიფებ გონებაში, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს სისხლიც თაფლივით ტკბება. მერე როცა ფურცელზე გადაგაქვს, ალპური ყვავილის ქოთანში გადანერგვას ჰგავს, მერე კიდე აქ დადება – ხალხით სავსე, მოყაყანე ბაზარში იმ ქოთნით გამოდგმას, როცა უკვე  არც ფერი  აღარ აქვს თითქოს შერჩენილი და არც სურნელი.

 

 

1 2 3 4 5