* * * *
არ გაჩენილა ამ ქვეყნად, ჩემზე თავისუფლების მოყვარული ადამიანი და რა დიდი გამოცდა მომიწყო ცხოვრებამ როცა ისეთ მკაცრ და ჩემთვის დამაბნეველ გარემოში მომიწია გაზრდა, სადაც, მშობლებს ხომ თავისთავად, ასევე, ბიძია-მამიდა-დეიდებს, მაგრამ შენზე 4-5 წლით უფროსსაც უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდი, რაც არ უნდა გამოთაყვანებული ყოფილიყო. მორიდებული და მორცხვი ბავშვი ვიყავი, ასე პირდაპირ დაპირისპირება მერიდებოდა, საკუთარი მეთოდებით ვცდილობდი დავპირისპირებოდი, ამიტომ მათთვის ძალიან უცხო და უცნაური ვინმე ვიყავი. მაგალითად, ჩემი თანატოლები ერთმანეთს ჩასჩურჩულებდნენ და ქირქილებდნენ, რატომ ვუყურებდი ვთქვათ ტარკოვსკის “ნოსტალგიას” როცა სხვა არხზე სტალონეს ფილმი გადიოდა. ან, ბიძაჩემს შეიძლება იმაზე ეკამათა, რატომ ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას, რა გამეგებოდა, რას ვსულელობდი, რა სიმფონია, რისი შუბერტი, მასწავლებლებს ნიჭიერი, მაგრამ წიგნის მოძულე ბავშვი ვეგონე – “რად უნდა ამას წიგნი, ძალა ერჩის, თოხი და ბარი მიეცი და გაუშვი ყანაში” ამ დროს მამაჩემი სულ პირიქით ფიქრობდა, მე კი არც კითხვა მაკლდა, არც შრომა და ეს ყველაფერი მესმოდა და ვხვდებოდი, როგორ თანდათან მინადგურდებოდა და მეშლებოდა ფსიქიკა. ერთი-ორჯერ ახლო მდებარე ტყეშიც გავქცეულვარ, რომ მეღრიალა და გული არ გამსკდომოდა. მერე სადაც წავედი, სულ თან მდევდა ეს ყველაფერი, საშინელი აჩრდილივით. პირველად, აქ რომ ჩამოვედი, ისეთი სიტუაცია დამხვდა, საერთოდ შემძულდა ფულის შოვნაც და მუშაობაც, მაგრამ ბოლოს მაინც ყველას ჩავაქნევიე ხელი, ყველა გამერიდა, დავრჩი მათთვის აუღებელ ქაჯეთის ციხედ – სადღაც მისტიურ ნისლში გახვეული, შორი, მიუწვდომელი.
* * * *
ვაჟა ფშაველა იყო და დარჩება ჩემს უსაყვარლეს მწერლად და პოეტად. ბავშვობაში, როცა პირველად წავიკითხე “ამოდის ნათდება”, ზუსტად ისეთივე ზამთრის ღამე იყო ჩემს სოფელში, მკაცრი, იდუმალი, ვკითხულობდი და რაც მანდ ეწერა, ის ამბავი, თითქოს იმ წუთას ხდებოდა, ჩემი სოფლის ახლო-მახლო ტყეში. გულს მიკლავდა მგლების დაუნდობლობა, მაშინ რა ვიცოდი, ადამიანებიც არანაკლებ სასტიკები იქნებოდნენ. რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავენ იმაში, თუ როგორ ავნონ ერთმანეთს და მოშხამონ, თან რაღაც სისულელეების გამო. და რატომღაც, ასე უფრო იოლად გამოსდით ცხოვრება.
* * * *
ერთი გაუთხოვარი დეიდა მყავდა, საოცრად თბილი და ნათელი ქალი იყო, დისშვილების და ძმისშვილების მთელი არმიის გამზრდელი, (დებისაც). ჩვენ ხომ თავისთავად, მაგრამ სხვა ბავშვებსაც ისე უყვარდათ, ხშირად ვეჭვიანობდით კიდეც. ბევრი ტანჯვა-წამება გამოვლილი ქალი იყო, ობლობაში გაზრდილი, რაღაცნაირი, თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ყველაფერზე, მახსოვს, როგორ არიგებდა ახალგაზრდა დიასახლისებს: -“ფქვილით სავსე ბეღლის თვალოში, ფქვილის აღებას რომ დააპირებთ, შუაში კი არ უნდა ჩაარტყათ ჯამი, ასე ფქვილი დაფრთხება და მალე დაილევა, ნაპირიდან უნდა აიღოთ ფრთხილად და მეტხანს რჩება”… სულ თვალწინ მიდგას, თვითონ როგორ იღებდა, ხელების რაღაცნაირი, ნაზი მოძრაობით, როგორ ეფერებოდა ფქვილს. ესეც ერთგვარი რიტუალი იყო.
შოთი პური
გლდანში, ღამით, სიგარეტის საყიდლად ჩავედი, გვიანი იყო, უკან მობრუნებულმა “თონეს” გამოვუარე, ერთი შოთი ვიყიდე, იქვე ნახევრად ბნელ, სკვერის მაგვარ ადგილას ჩამოვჯექი, მშვიდად რომ მომეწია. ერთმა ჩემი ასაკის კაცმა ჩამიარა თავჩაქინდრულმა, გამცდა, მობრუნდა, ისევ ჩამიარა, გაჩერდა, მომესალმა..
– ბოდიშით რაა.. ეს პური ცხელია?
დავიბენი
– ხო…რავი…არა..აბა საიდან ამ დროს ცხელი პური..
თან ხელში შევათამაშე, უხერხულობისგან ვერც კი გავუწოდე.
– ცოტას მოვატეხავ რა?…მოატეხა, ძალიან პატარა ნამცეცებს აცლიდა და ისე იყრიდა პირში, როგორც მზესუმზირის მარცვლებს.
– არ გაგიკვირდეს რა, განა მშია, ან ასე მიჭირს, უბრალოდ…. კიბოიანი დედა მყავს სახლში, ისე მანადგურებს იმისი კვნესა-გოდების მოსმენა, გიჟივით წამოვხტები და გავრბივარ უმისამართოდ, ხან დალევა მინდა, ხან მინდა უბრალოდ ვინმეს დაველაპარაკო, სიგარეტს არ ვეწევი და….
შევღონდი ვერაფერი ვუთხარი, ან, რა უნდა მეთქვა?
მერე გამომკითხა რაღაცები, მეც მოკლედ ვპასუხობდი, გულდამძიმებული. რომ ვუთხარი, უცხოეთში დავდივარ-მეთქი, თავისი ისტორია მომიყვა, როგორ აიღო მაღალპროცენტიანი სესხი. ვიღაც ქართველი შეპირებია უკრანიიდან გერმანიაში წაყვანას, ჩასულა კიევში და იმ გარეწარს გადაუგდია. უკან ვერ დავბრუნდებოდი ჩემი ვალების გადამკიდეო, იქაც ვიღაც დაპირებია უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ფეხით გადაყვანას, სამი ღამე გაუთენებია უკრაინულ ზამთარში, ტყეში. გადასულა, პოლონეთში დაუჭერიათ, კაი ხანი აყურყუტეს თურმე, მერე რაღაცნაირად იქიდანაც გამოუღწევია…მერე კიდევ…მერე კიდევ…ბოლოს ისე დავშორდით, სახელიც კი არ გვიკითხავს ერთმანეთისთვის.
მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ ერთი უბრალო ადამიანის ცხოვრებაც ერთი დიდი დაუწერელი რომანია.