ხუთი ყლუპი რძე

 

უკვე ერთი თვე იყო გასული, რაც ასაკით მამაჩემზე უფროს კაცთან ერთად ვცხოვრობდი მათაში, მარტო ჩვენ ორნი ვიყავით, საშინლად მომწყინდა, სადღაც ჩაღრმავებულ ადგილას გვეყენა ნახირი, სხვა მთებში რომ გადავსულიყავი, სადაც ახალგაზრდები იყვნენ, იმ გრძელი აღმართის ამოვლა ყოველდღე მეზარებოდა. ერთ დღესაც, საღამოხანს, ქედზე, ადამიანის სიშორისგან დაპატარავებულ, ფორმადაკარგულ ლანდს მოვკარი თვალი, ეს უბრალო რამეც ისე გამიხარდა, თითქოს მანამდე მთელ სამყაროში მარტო ვყოფილიყავი. შეჩერდა, ძახილის მაგვარი რაღაც გავარჩიე ჩანჩქერების შხუილში, ხმით, ცხადია, ვერ ვიცნობდი, მაგრამ ნაცნობის გარდა იქ არავინ ამოივლიდა. დავიძაბე, რაღაც სიტყვებს ვარჩევდი, “ხვალ”….”მამაშენი” …”ამოსვლას” …შევიკუმშე და ისეთი ხმა ამომხდა, მე თვითონ დავფრთხი – მამაჩემი ამოდის? …აი, უცნაური! ლანდი უკვე იქ აღარ იყო და მერეღა მოაღწია ..”ხოო…ხოოო” …სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე, უკვე არ მაინტერესებდა სხვას რას იტყოდა, ისე კი, კაი ხანი იქაქანა. დილით ხუთზე ავდექი, ძროხები ჩამოვწველე, ყველი ამოვიყვანე, ზურგჩანთას ვეცი და გავვარდი, შუა აღმართი რომ ავიარე, უკვე კარგად გათენებული იყო, ვიფიქრე – “ასე ადრე რა მინდა სახლში, მამაჩემი მაინც იმიტომ ამოდის, ამ ქედის გადაღმა რომ დათიბოს, მაინც გზად არის, გავალ, ცოტა ხანს წავიმუშავებ”.. ცელი და მისი ყველა “ატრიბუტიკა” იქ გვქონდა დამალული. მივაღწიე, სწრაფი სიარულისგან ისე მქონდა სხეული გახურებული, გაჭვარტლული ქურთუკი რომ გავიძვრე, დილის შეციებული ნიავი აშიშინდა ოფლიან მკერდზე. შევუდექი თიბვას, უცებ ვიღაც გამოჩნდა, გრიშა ძიაც (ყველასთვის რატომღაც “მაკო”) წამოსულა სათიბში (კაცი, ვისთანაც ვცხოვრობდი მთელი ეს თვე) უაღრესად პატიოსანი, გამრჯე კაცი იყო, მაგრამ დალევა უყვარდა, დედაჩემი სულ მასთან მატანდა თავის განთქმულ ანწლის და ჭანჭურის არაყს. ორ დღეში უღებდა ხოლმე ბოლოს და მერე უკვე უხასიათობისგან ხმასაც არ მცემდა. ცელი იყო გამოსაკვერი, პატარა ვაკე მოვძებნე, უხეში შამბი და ღერღი მოვცელე, უცებ რაღაცამ გაიჩხაკუნა, შუშის ბოთლი იყო, გამჭვირვალე სითხით სავსე. მოვხადე თავი – არაყია, ან მონადირეებს დარჩათ, ან, მამაჩემს (აბა გრიშა ძიას ნამდვილად არ დარჩებოდა). დავუძახე, მისი იმ რეაქციის და სიხარულით სავსე თავლების აღწერას სულ ცოტა ჩეხოვი თუ შეძლებს. მაშინვე გახსნა ზურგჩანთა, ამოიღო ყველი, ცელოფანში გახვეული ღომი, ობჩამოთლილი, განახევრებული პური და იქვე ბუერის ფოთლებზე დაალაგა. გადაკრა, ღომი და ყველი მიაყოლა და გადმომაწოდა, ცოტა მოვსვი, ცხადია უჭმელი ვიყავი, არც მშიოდა, მაგრამ რამე ხომ უნდა მიმეყოლებია, ისიც მომერიდა, ვიუარე, მე სახლში მივდიოდი, იმას კიდე საგზალი ელეოდა. ისევ ცოტა მოვსვი, მერე ისევ ცოტა და… მივხვდი, უკვე არანაირი თიბვის თავი მე არ მქონდა, წამოვდექი, ნაჩქარევად დავემშვიდობე და დავეშვი თავდაღმართში, მერე ტყეში შევედი, ცოტა ხანში კი, ისე მომეთენთა სხეული, უცებ ისე მტაცებელივით დამეცა შიმშილი. ასეთი რამ მანამდე არ მახსოვს, მუხლებიც პლასტელინივით მეღუნებოდა  ორივე მხარეს. ჩამოვჯექი, მერე ისევ გავიარე ცოტა, ისევ ჩამოვჯექი. ჯერ მაყვალის ბუჩქებში მწიფე მაყვალს დავუწყე ძებნა, ვერაფერი… მერე რძიან მჭადა სოკოს (რომელიც უმად იჭმევა), ვერც ის ვნახე, ასე ჩავაღწიე თხილნარამდე, სადაც ადრე პატარა საკარტოფილე ნაკვეთი გვქონდა. იქ ზარის წკრიალი გავიგონე, ხმით მივხვდი, რომ ჟორაილას პირუტყვი იყო სადღაც ახლოს (მთაში არ დაჰყავდა) მივედი, ერთ თვინიერ ძროხას მივადექი, ახლადჩამოწველილი იყო, მაგრამ რამდენიმე ყლუპი მაინც ჩავიწველე პირში და შემოვლითი გზით თავდაღმართში დავეშვი.

 

ელორიოში ჩარჩენილი

 

მამლის წელმა გამახსენა, დურანგოში (ბასკეთში) რომ ვიყავი, როცა საბოლოოდ მოვრჩით სამუშაოებს, ბიჭები, ვინც მე მახლდა, ყველა სადღაც წავიდა, ზოგი სამშობლოში, ზოგიც სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. მე ზუსტად არ მახსოვს, რატომ დავრჩი, ფულს ველოდი თუ რეზიდენციის გაგრძელებას, მოკლედ, დურანგოდან მოშორებით, ერთ შედარებით მივარდნილ, მაგრამ საოცრად მშვიდ და ლამაზ სოფელში ვიქირავე ოთახი, ეს სოფელი იყო, ბისკაიას პროვინციის ავტობუსების ბოლო გაჩერება. იქ გადავედი, ელორიოში. პირველი, რაც თვალში მომხვდა,  ის იყო, რომ იქ ერთმანეთში ესპანურად არავინ ლაპარაკობდა, ჭეშმარიტი ბისკაიელები ცხოვრობდნენ. კიდევ ის, რომ პატარა დაბალ კორპუსებს შორის რამდენიმე ადგილას დიდი საერთო ბოსტანი იყო, პირდაპირ ბოსტნის კვლებშუა ბილიკიდან შეგეძლო თანამედროვე კაფე-ბარში შებიჯება. პირველად რამდენ ბარშიც შევიარე, ყველა უცნაური ცნობისმოყვარეობით მაშტერდებოდა (იმდენად ხვდებოდათ თვალში უცხო ადამიანი). ცხადია, უხერხულობის განცდა მქონდა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მემშობლიურებოდა მათი ეს რეაქცია, ჩემს სოფელშიც ხომ ასე ხდებოდა, თუ ვინმე უცხო (მანქანა თუ მგზავრი) აივლიდა სოფლის შარაზე, სუყველა მათ (მას) აყოლებდა თვალს. ეგ არაფერი, ყველაზე მეტად ის მემშობლიურა, სოფლის დღესასწაულზე მამლების ორთაბრძოლას რომ დავესწარი, ელორიოს ცენტრში, ერთ ძველ სკვერში, აი, ის აზარტი, ის შეძახილები…

ადრე ჩემს სოფელში არანაირი გასართობი რომ არ გაგვაჩნდა ახალგაზრდებს (შუქიც არ იყო, რომ ტელევიზორისთვის გვეყურებინა), ჩვენც მამლების (ძაღლების, ხარების) ორთაბრძოლით ვიქცევდით თავს, თან, „მაზიანზე“. მე ორი ერთნაირი წითელი მამალი მყავდა, ერთი უცებ ჩაფლავდა, მეორე ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, ნამდვილი კლასიკური მებრძოლი, მაგრამ სახლში, რატომღაც ის პირველი მამალი ჯაბნიდა, თავიდანვე ჰყავდა დაჩაგრული, ეს რომ ჩემზე უფროსმა ბიჭებმა გაიგეს, მაშინვე იპოვეს გამოსავალი (პროფესიონალები იყვნენ ამ საქმეში) იმ მამალს რომელიც მებრძოლ მამალს ჩაგრავდა ნახშირი წაუსვეს, ჰოდა, ატყდა მაგრამ რა ატყდა, ის შეიძლება საუკუნის ორთაბრძილადაც ჩაითვალოს, მოკლედ, დაჭამეს ერთმანეთი, ბოლოს მე შემეცოდა და გავაშველე, მოვაშორე ნახშირიც, მაგრამ უკვე ამანაც არ გაჭრა, სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ ერთმანეთს გადაკიდებულნი, ბოლოს გაშველებაც მომწყინდა, ასე გრძელდებოდა დღეების განმავლობაში, საბოლოოდ ისე მოშალეს ერთმანეთი, ორივე დასაკლავი გაუხდა დედაჩემს.

 

1 2 3 4 5