ზამთარი

 

სულების სტუმრობის კვირეულიც (ქუნარეში) დასრულდა, როგორც იქნა გავაცილეთ. ჯერაც შერჩენია ჭიშკრის ბოძს სამფეხა სანთლის ნაღვენთები, რითაც   დედაჩემი გაუძღვა სულებს. დამშვიდდა ქალი. ასე რაღაცნაირად დაძაბული ამ დროს არასოდეს მინახავს, ამოისუნთქა, რასაც ჰქვია. შინაგანი დაძაბულობა იქეთ იყოს, როგორია, მარტოხელა, ხანში შესულმა ქალმა, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე, დილა-საღამოს, საგანგებოდ მორთოს და გააწყოს სუფრა. თან სუფრა ყოველთვის ისე იწყობა, რასაც მაგიდაზე დილით დადებ,  იმის დადება საღამოს არ შეიძლება, სულ განახლებული უნდა იყოს. როგორია? დილა-საღამოს პურების დაცხობა ყოველდღე, მერე და ამდენის მჭამელიც ვინ არის, მართლა სულები ხომ არ შეჭამენ. ამიტომ  წინა დღის გამომცხვარ პურებს დედაჩემი თბილ შრატში ალბობს, ცოტა ფქვილს ამატებს და ძროხებთან მიაქვს. მოკლედ, პირუტყვიც  დიდ პატივში გვყავს ამ დროს. უცნაური კი ის არის, რომ თუ ფიზიკურად არ ვმუშაობ, გონებაც მიდუნდება, რა ხანია, ვერც ვკითხულობ, ვერც ვწერ და ამას სულაც არ განვიცდი. ამ უმოძრაობით წონაშიც მოვიმატე, ამას წინდების ჩაცმის დროს მივხვდი ამ დილით. იმის თავი კი მაინც შემრჩა, აქაურ მარტოხელა, ხანშიშესულ ქალებზე ვიფიქრო, მიტოვებულ, დაცარიელებულ სახლებზე, გაუქმებულ სკოლაზე, საბავშვო ბაღის ნაშალზე ამოსულ თხილის ბუჩქებზე.

ჩემს უბანში (ეს პატარა სოფელიც დაყოფილია უბნებად და თემებად) თერთმეტი საკარმიდამოდან შვიდი სახლი ცარიელია, ორგან ორი ხანში შესული ქალი ცხოვრობს მარტო, დედაჩემი და ბებიაჩემი (ბაბუაჩემის ძმის ცოლი). სულ მინდა, ამაზე ფიქრს გავექცე, მაგრამ ვერ ვახერხებ. ამ ზამთრის უცნაურობებმა კიდევ უფრო ამირია ტვინი – ერთ დღეს თოვს, მეორე დღეს წვიმს, მესამე დღეს მზეა, ღამეები კი სულ ერთნაირია, ცივი და უნალექო. თოვლს კი საოცარი სიმშვიდე მოაქვს. რაღაც ხმები მაინც კვეთენ შუაღამის გაყინულ სივრცეს. ვწევარ და არც ვიცი, რაზე ვიფიქრო, ასეთი უცნაური განცდა ცხოვრებაში არ დამუფლებია.

 

* * * *

 

რაღაცას ვეძებდი, კიბე  ავირბინე, აივანი სწრაფად გადავჭერი და უცებ გავჩერდი, დედაჩემს მოვკარი თვალი, უცნაურად გაშეშებულ-გაშტერებულს, სარეცხი გადმოეღო, მკლავზე გადაეკიდა, ერთი ხელი მაღლა ჰქონდა აწეული, კიდევ ერთის ჩამოხსნას აპირებდა და ასე გაშეშებულიყო. ირგვლივ არც არაფერი მოძრაობდა, დედაჩემს თავი მოებრუნებინა, ჩემგან გვერდულად კი იდგა, მაგრამ სახის პროფილი არ უჩანდა. ასეთ სიტუაციაში ხშირად მინახავს, მაგრამ მაინც მივაშტერდი, მივაშტერდი ასე უცნაურად გაშეშებულ ქალს. ირგვლივაც არაფერი მოძრაობდა. აზრადაც არ მომსვლია, რამე მეკითხა, თავად დაიწყო, წასვლა რომ დავაპირე:

– ნახე ერთი! ეს პატარა მოედანიც აბალახდა, ამწვანდა, რას წარმოვიდგენდი,  რაც აქ ამბავი იყო, ქვებსაც კი ცვეთდით, ისეთ ამბავში იყავით, დატკპნილი მიწა ბეტონივით იყო თქვენი ნარბენი, რამდენჯერ ფეხები დაგტყავებიათ. ახლა კი აბალახდა, რას წარმოვიდგენდი! … მერე ის ხმები, როგორ მენატრება ის ხმები, ეს ამდენი ნაცნობი ხმა, როგორ ერთბაშად გაქრა, რამდენი წელია, იმ ხმების გაგონება მინდა. ამ მარტოობაში, სულ სხვანაირად მინდა… ზოგი  რა ადრე გაქრა სამუდამოდ!…

მაშინ იმდენად არ უმოქმედია ჩემზე დედის ამ გულისშემძვრელ ნათქვამს, მაგრამ ოთახში რომ შევედი და კარი გავიხურე, ისე სასწაულად და ცოცხლად ვიგრძენი ყველაფერი, მთელი ღამე, იმ პატარა მოედნის გვერდით რომ ხევია,  ვეება წიფლების გაყოლებაზე რომ სულ უფრო ღრმავდება, სწორედ იქიდან აღწევდა და ჩამესმოდა ის ხმები, თითქოს ყველა ხმა იქ იყო ჩაგუბებული.

 

1 2 3 4 5